mosque_duisi_pankisi

DFWatch

პანკისი, DFWatch – ერთი თვის წინ პანკისის ხეობაში 13 წლის გოგონა მშობლების თანხმობით 23 წლის მამაკაცზე დაქორწინდა. ხეობაში მოქმედი ორი მნიშვნელოვანი არაფორმალური ორგანო, უხუცესთა საბჭო და ახლადშექმნილი ქალთა საბჭო, ამ ფაქტით შეშფოთებულია და მომავალში მსგავსი ფაქტების აღკვეთის შესაძლო გზებს  განიხილავენ.

პანკისის ხეობაში, ჩეჩენი ლტოლვილების ჩათვლით, ათი ათასამდე მოსახლეა. ისინი მუსლიმები არიან, თუმცა ერთი ნაწილი ტრადიციულ ისლამს მისდევს, მეორე ნაწილს, უმეტესწილად ახალგაზრდებს, ვაჰაბიტებს უწოდებენ, თუმცა მათ არ მოსწონთ ეს, რადგან  მიაჩნიათ, რომ სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტი ისლამის მიმდევარნი.

სოფელ დუისში ორი მეჩეთია. დიდი, წითელი აგურით ნაშენი მეჩეთი ახალგაზრდებისთვისაა, ძველ პატარა მეჩეთში კი ტრადიციული ისლამის მიმდევრები დადიან. მათ შორის ღია კონფლიქტი არ არის, თუმცა ურჩევნიათ, განცალკევებით იყვნენ.

სოფლის ვიწრო ქუჩებზე სიარულისას ქალების და გოგონების უმეტესობა თავსაბურავით დადის, მოხუცები სხედან მაგიდასთან, ლაპარაკობენ, ახალგაზრდა ბიჭები კი მეჩეთის რემონტით არიან დაკავებული.

უხუცესთა საბჭო არაფორმალური, მაგრამ ავტორიტეტული ორგანოა, რომელიც პანკისის ხეობაში ადგილობრივ პრობლემებს წყვეტს, მათ შორის მკვლელობებსა და გვარებს შორის კონფლიქტს. ქალთა საბჭო კი ახალი ორგანოა, რომელიც 2011 წელს შეიქმნა და ძირითადად ქალთა საკითხებს განიხილავს, მაგალითად ოჯახურ ძალადობას ან ნაადრევ ქორწინებებს.

პანკისში ქალთა საბჭოს წევრებს შევხვდით. მათ 13 წლის გოგონას ამბავი მოგვიყვეს, რომელიც სოფელ ქორეთიდან 23 წლის მამაკაცს გაჰყვა ჯოყოლოში.

იზა ბექაური (DFWatch)

იზა ბექაური (DFWatch)

იზა ბექაური, ქალთა საბჭოს წევრი, ამბობს, რომ პანკისში იშვიათია, მშობელი შვილს დაქორწინებას აძალებდეს, თუმცა შემაშფოთებელია, რომ ისინი მცირეწლოვანი შვილების დაოჯახებას თანხმდებიან.

„მეც მყავს 13 წლის შვილიშვილი და რომ გავიგო, გათხოვდა, შეიძლება თავი მოვიკლა,“ ამბობს იზა ბექაური.

საბჭოს წევრები ყვებიან, რომ ორივე ოჯახი ძალიან ღარიბია. ქმარი არ მუშაობს, გოგონა ჯერ კიდევ ‘ბავშვებთან ერთად ბურთს თამაშობს ბაღში.’ ფიქრობენ, რომ ოჯახი მალე დაინგრევა, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ხეობაში.

ქალთა საბჭოს წევრების თქმით, 13 წლის არა, მაგრამ 15-16 წლის გოგონების გათხოვება საკმაოდ ხშირია. ძალიან ხშირად მალევე შორდებიან ქმარს და თავიდან თხოვდებიან, ბოლო წლებში განსაკუთრებით ადვილად ანგრევენ ოჯახებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები არა ჰყავთ.

საბჭოს წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ წესისამებრ მამაკაცის ოჯახი ქალისას ტრადიციისამებრ ‘ფორმალურად’ ერთჯერადად 220 ლარს უხდის.

„სამარცხვინოა, ძალიან მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული ან უნდა დაჯარიმდნენ,“ ამბობენ ისინი.

DFWatch

DFWatch

გულიკო ხანგოშვილი, ასევე საბჭოს წევრი, ფიქრობს, რომ 13 წლის გოგონას მშობლები უნდა დაისაჯონ, რომ ეს მაგალითი გახდეს სხვა ოჯახებისთვის და აღარ გაბედონ მცირეწლოვანი გოგონების გათხოვება.

ფატიმა, რომელიც დუისის მეათე კლასის მოსწავლეა, გვიყვება, რომ მისი თანაკლასელი 15 წლის ასაკში გათხოვდა და სწავლას თავი დაანება. ერთი წლის შემდეგ ოჯახში დაბრუნდა ჩვილ ბავშვთან ერთად, რადგანაც მისი მეუღლე სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.

ქალთა საბჭო დედებთან ინტენსიურად მუშაობას  გეგმავს, რათა დაარწმუნონ, რომ არასრულწლოვანი ბავშვების დაქორწინება არასწორია. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია, უხუცესთა საბჭოც ჩაერთოს ამ პრობლემის მოგვარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობა კრძალავს ამ ასაკში ქორწილს, არავინ აქცევს კანონს ყურადღებას და სასამართლოშიც არავინ ჩივის.

ქალთა საბჭოს მიაჩნია, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად კარგი იქნება თუ ხეობაში მცხოვრები თითოეული გვარის ლიდერი ქალთა და უხუცესთა საბჭოებთან  შეიკრიბება და პრობლემის დაძლევაზე იმსჯელებს.

ჩვენ დუისის სკოლას ვეწვიეთ და შევხვდით მის დირექტორს, რომელმაც ჩვენი კითხვების ნაწილი უპასუხოდ დატოვა, თუმცა გვითხრა, რომ დღესდღეობით თუკი ბავშვები სწავლას წყვეტენ, უმეტესად იმიტომ ხდება, რომ ისინი სხვაგან გადადიან საცხოვრებლად, ხოლო არასრულწლოვანთა ქორწინება უკვე იშვიათია. მისი თქმით, მეთორმეტე კლასში 23 მოსწავლეა და უმეტესობა გოგონაა, რომლებიც ბიჭებზე გაცილებით უკეთ სწავლობენ.

როდესაც უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს ჯოყოლოში მომხდარ ქორწინებაზე ვკითხეთ, მათ გვითხრეს, რომ ეს ამბავი არ იცოდნენ და ამას უარყოფითად აფასებენ.

უხუცესთა საბჭო (DFWatch)

უხუცესთა საბჭო (DFWatch)

სოლცა ქავთარაშვილი, უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე, ამბობს, რომ 13 და თუნდაც 16 წელი ძალიან ცოტაა გოგონასთვის, რომ გათხოვდეს და საოჯახო საქმეს მოეჭიდოს.

ზაურ გუმაშვილი კი უმატებს, რომ გამოსავალი იქნება, თუკი ‘სახალხო კანონში’ ცვლილებები შევა და თუკი ვინმე კანონს დაარღვევს, მედიატორული სასამართლო გაიმართება და ის გადაწყვეტს, ვინ და როგორ დაისაჯოს.

სოლცა ქავთარაშვილის აზრით, ქორწინების ასაკი, რომ ზოგ შემთხვევაში ადამიანის მომწიფებაზეა დამოკიდებული, რადგანაც ზოგი ადრეულად მწიფდება, თუმცა 13 წელი მაინც ძალიან ადრეა. ხასო ხანგოშვილი ეთანხმება მას, თუმცა მაგალითი მოჰყავს საქართველოს ისტორიიდან, როდესაც ქართველ მეფეს 13 წლის ქალი ჰყავდა ცოლად.

აპალონ გაურგაშვილს კი მიაჩნია, რომ ყველაფერი სერიალების და ტელევიზიის ბრალია.

„მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდას მიექცეს ყურადღება. უნდა ისწავლონ, რომელ ასაკშია კარგი დაქორწინება და რა არის ცუდი ადრე ქორწინებაში,“ გვეუბნება ის, „აი, ეს არის შედეგი ამ თქვენი დემოკრატიის. ყველას ყველაფრის უფლება მივეცით და ნახეთ, სადამდე მივედით, რას აკეთებენ. ხედავთ, დემოკრატიასაც აქვს ცუდი მხარეები.“

2014 წელს გაეროს მოსახლების ფონდმა (UNFPA) საქართველოში ბავშვთა ქორწინების შესახებ  ანგარიში გამოაქვეყნა. ზოგადად, არასრულწლოვანთა ქორწინება გენდერული ფენომენია, რადგანაც უმეტესად  ადრეულ ასაკში გოგონები თხოვდებიან. ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში ქალების 17 პროცენტი 18 წლამდე ასაკშია დაქორწინებული.

ამ მაჩვენებლით საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე ადგილზეა  ევროპაში, მოლდოვასა (19 პროცენტი) და თურქეთთან (14 პროცენტი) ერთად.

UNFPA წერს, რომ ეს 17 პროცენტიც კი რეალულ სურათს არ ასახავს – 16 წლამდე ქორწინებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება რთულია, რადგან ხშირად ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. ადრეული ქორწინებები უფრო ხშირია მუსლიმთა თემში – აჭარაში, პანკისსა და ქვემო ქართლში, თუმცა მხოლოდ ამ გეოგრაფიული არეალით არ შემოიფარგლება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინების მინიმალური ასაკი არის 18 წელი, თუმცა გამონაკლისის შემთხვევაში მეუღლეები შეიძლება 16 წლისანი იყვნენ. უფრო ადრეულ ასაკში ქორწინება დანაშაულია და ისჯება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.