კლასიკური ტაბლა სოფელ თაგილონიდან.

15 იანვრის ბედობას, ე.წ. კუჩხას, გალში მცხოვრები ქართველები განსაკუთრებულ მნიშნელობას ანიჭებენ და გარკვეული ტრადიციის შესაბამისად აღნიშნავენ. ყოველ ოჯახს ჰყავს მეკვლე, მეკვლეს კი შემოაქვს სპეციალურად მომზადებული ტაბლა.

როგორც DFWatch-ს გალის მკვიდრი რუსუდან სამუშია უყვება, კუჩხასთვის ტაბლა წინა დღეს მზადდება. აუცილებელია კვერცხი, ღერღილი, ტკბილეული და ფული. მეკვლე შეიძლება იყოს ოჯახის წევრი ან სხვა ვინმე. გამთენიას ან გვიან ღამით, 12 საათი რომ  შესრულდება, მოდის კარებთან აკაკუნებს და შემოაქვს სუროს ან სხვა მარადმწვანე მცენარის ტოტები. სახლის მერე მეკვლე მიდის ბოსელში, საქათმეში, საღორეში და ყველგან, სადაც სულიერია. თითოეულ ადგილას ტოვებს მცენარის ტოტს.

ხშირ  შემთხვევაში, თუ მეკვლე ოჯახის წევრია, იმ დღეს სახლიდან არ გადის. კუჩხა დღეს სტუმრად მოსვლას უფრთხიან, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში, რადგან სწამთ, რომ ეს დღე მთელ წლის კეთილდღეობის განმსაზღვრელია.

სტუმარს ამ დღეს აუცილებლად შემოაქვს ნედლი ტოტები, რომელიც შემდეგ 19 იანვარს,  წაკურთხიას (ნათლისღებას) ცეცხლში იწვება.

გალის მკვიდრი ხატია მირცხულავა ჰყვება, თუ რატომ არ გადის მეკვლე ბედობა დღეს სახლიდან და ბავშვობას იხსენებს.

„მეკვლე ძირითადად სულ მამა იყო-ხოლმე. წესია ასეთი, ვინც მეკვლეა, სახლიდან არ გადის, თორემ ქათმები და ინდაურებიც გარეთ დაიწყებენ სიარულს და „მეცენანია“. მამა დილით შემოდიოდა, წინასწარ მომზადებული. მოჰქონდა ნედლი ტოტები, ტკბილეული და ფული. ყველას გვჩუქნიდა გარკვეულ თანხას, წვრილ ხურდას კი შემოჰყრიდა-ხოლმე.

მეკვლე აკაკუნებდა და ჩვენ ვეძახდით:

– რომელი ხარ?

– მეკვლე.

– რა მოგაქვს?

– ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა, სიყვარული და მერე მოყვებოდა კონკრეტულად – ხატიასთვის – წარმატებები, ზვიადისთვის – ჭკუა-გონება, მირზასთვის – ცხოვრების სწორი გზა და ა.შ.

– შემოდი.

და აღებდა კარებს ჯერ ტკბილეულს ყრიდა, მერე ხურდას. იგივე მწვანე ტოტებით მიდიოდა საქათმესთან, საძროხესთან, საღორესთან და ლოცავდა, გამრავლებას უსურვებდა. მთელი დღე ჭიშკარს არ უნდა გადასულიყო. ჰქონდა ერთი სკამი, მაკუჭხურის სკამს ეძახდნენ და ჩვენ არ ვჯდებოდით, ის სხვა სკამზე არ ჯდებოდა. სულ ეს იყო ჩვენი კუჩხა“, – იხსენებს ხატია.

ზუსტად ასე შეხვდნენ დღევანდელ კუჩხას გალში მცხოვრები ბევრი ქართველი.