andrea_keerbs_Cropped

ანდრეა კერბსი ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორია.

როდესაც სარკოზის შუამდგომლობით საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე ომის შემდეგ შეთანხმება შედგა, მოელოდნენ, რომ რუსეთი ამ დოკუმენტში დაფიქსირებულ პირობებს შეასრულებდა. მას შემდეგ უკვე ექვსი წელი გავიდა და ქართველები ჯერ კიდევ ამაოდ ელიან, როდის დაუბრუნდება რუსეთი 2008 წლის 7 აგვისტოს საზღვრებს. რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. მეტიც, 7 მაისს მათ განაცხადეს, რომ აფხაზეთში განლაგებულ საკუთარ ბაზებზე სამხედრო აღჭურვილობის გაორმაგებას აპირებენ.

ამჟამად კვლავ იმის მოწმენი ვართ, როგორ იმეორებს რუსეთი ამ „წარმატებულ“ სტრატეგიას. იგივე (საკუთარი მოქალაქეების/რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის) საბაბით, რუსეთმა ამჯერად ყირიმის ანექსია მოახდინა, ახლა კი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას ახორციელებს. ჟენევაში შეერთებულ შტატებს, რუსეთს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის მიღწეულმა შეთანხმებამ, რომლის თანახმადაც უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს იარაღი უნდა დაეყარათ და ყველა სამთავრობო შენობა და საჯარო ობიექტი გამოეთავისუფლებინათ, იგივე ბედი გაიზიარა, რაც სარკოზის შუამდგომლობით გაფორმებულა დოკუმენტმა. ეს რუსეთის მიერ შეთანხმების შეუსრულებლობის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს.

კი მაგრამ, სად შეჩერდება რუსეთი? ვინ იქნება შემდეგი მსხვერპლი? სრულიად აშკარაა, რომ ამ კითხვაზე მოლდოვა შეიძლება ერთ-ერთი პასუხი იყოს, რომელმაც დღე-დღეზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი და, თანაც, ისეთი პრობლემური რეგიონი აქვს, როგორიცაა დნესტრისპირეთი. ამ ჩარჩოებში ბალტიის ქვეყნებიც ხვდებიან, თავიანთი რუსული უმცირესობით.

როგორც ამ კვირაში „დეილი ბისტთან“ (Daily Beast) ინტერვიუში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, თუ „(უკრაინა) ამ კრიზისს გადაურჩა, ეს რუსეთის მეზობელ ქვეყნებს მომავალი განვითარების პერსპექტივას უჩენს, ხოლო თუ წააგებს, ეს უკვე ნატო-ს დამარცხებაც იქნება, ხოლო ისინი, რომელთაც ნატო-ში ყოფნა სურთ, რუსეთის მრავალწლიანი წნეხის ქვეშ არსებობისთვის იქნებიან განწირულნი.”