წარწერა პლაკატზე: “კატალონია ესპანეთი არ არის”.

კატალონიის პარლამენტმა შეიძლება დამოუკიდებლობა ორშაბათის სესიაზე გამოაცხადოს, ამის შესახებ ინფორმაციას, ავტონომიური ოლქის ულტრა-მემარცხენე პარტიაზე დაყრდნობით ესპანური გაზეთი „ელ-პაისი“ ავრცელებს.

ორშაბათს, სავარაუდოდ, პარლამენტი კატალონიის დამოუკიდებელ რეპუბლიკას გამოაცხადებს, უთხრა გაზეთს დეპუტატმა პარტია „სახალხო ერთობიდან“ (Candidatura d’Unitat Popular), მერეია ბოიამ.

დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება პარალელურად კატალონიის პრეზიდენტმა კარლოს პუჟომონმაც გააკეთა. მისი თქმით, რეფერენდუმის საფუძველზე დამოუკიდებლობა ამ კვირის ბოლოს ან მომავალი კვირის დასაწყისში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ კატალონიაში 1-ელ ოქტომბერს რეფერენდუმი ჩატარდა, სადაც ავტონომიის დამოუკიდებლობას მხარი 92%-მა დაუჭირა, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველა ღონეს მიმართა მის ჩასაშლელად.

ესპანეთის სამეფოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს ტერიტორიულმა სუბიექტმა დამოუკიდებლობა მხოლო მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე შეიძლება გამოაცხადოს. შესაბამისად, მადრიდი რეფერენდუმს არ აღიარებს. ის უკანონოდ სცნო, ასევე, ევროკავშირმაც.