ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არხზე ახალი მძლავრი შეტევა დაიწყო, რის გამოც ის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

როგორც გვარამიამ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ერთ-ერთი მეწილე, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანიისგან დიდძალ კომპენსაციას ითხოვს, რაც, დაკმაყოფილების შემთხვევაში “რუსთავი 2″-ს გააკოტრებს.

ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლების თამაშია და ამ გზით მთავარი ოპოზიციური არხის ხელში ჩაგდება ბიძინა ივანიშვილს სურს.

„მიზანი არის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა,” – აცხადებს გვარამია. ” – პრეტენზიას არ გააჩნია არავითარი საფუძველი, ეს არის იმისთვის, რომ სახელმწიფოს გაუჩნდეს ფორმალური საფუძველი და წინაპირობა, რომ შემოვიდეს დროებითი მმართველით “რუსთავი 2”-ში, მოკლას და შეცვალოს მისი ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკა და მთავარი ოპოზიციური არხი გააქროს. მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომ თავი შეიკავოს დროებით მმართველის უკანონოდ რეგისტრაციისგან და გაითვალისწინოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიება.“

გვარამია ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას, და კონკრეტულად მოსამართლეს, რომელიც ე.წ. “კლანის” წევრია. დარწმუნებულია, რომ სასამართლო ტელეკომპანიის საწინააღმდეგო ვერდიქტს გამოიტანს. ამიტომ, მოსარჩელე ნინო ნიჟარაძეს სთავაზობს, დავა საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ ნინო ნიჟარაძე არის ტელეკომპანიის ყოფილი გენდირექტორის, გოგი გეგეშიძის ქვრივია. მას კომპანიის 9%-იანი წილი აქვს და კომპენსაციის სახით ჯამში 26 მილიონ ლარს ითხოვს.

გვარამიას ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია ნიჟარაძემ კატეგორიულად უარყო. თქვა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა სხვადასხვა მაქინაციებით მის მოტყუებას ცდილობდა. გადაჭრით უარყოფს საქმეში რაიმე პოლიტიკური სარჩულის არსებობას.

“საერთოდ, ნიკა გვარამიას ბრალდებებისთვის მოვიცლი და პასუხს ვაგებინებ. ეს საკმაოდ უხეში და მიუღებელი ფორმით გაკეთდა და რაც მთავარია, საერთოდ არ შეესაბამება რეალობას… მან ბოდიში უნდა მომიხადოს ასეთი გამონათქვამებისთვის,” – უთხრა ნიჟარაძემ “პრაიმტაიმს”.