ანატოლი ბიბილოვი: „რატომ უნდა უმზადებდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბიუჯეტზე მყოფი სკოლები კურსდამთავრებულებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს?!“ (osradio.ru)

სექტემბრიდან ოკუპირებული ახალგორის რვავე ქართული სკოლის დაწყებით კლასებში სწავლება რუსულ ენაზე გადავიდა. პედაგოგებს რუსულ ენაზე სწავლება უჭირთ და ამის გამო შიშობენ, რომ, შესაძლოა, სამსახური დაკარგონ. ბავშვებმა კი საერთოდ არ იციან რუსული, რის გამოც შეიძლება ოჯახებს ახალგორის დატოვება და წეროვანში გადასვლა მოუწიოთ.

ახალგორში სწავლა 1-ელ სექტემბერს დაიწყო და ქართულ სკოლებში 1-დან მე-4 კლასის ჩათვლით ყველა საგანი რუსულენოვანი სახელმძღვანელოებით უნდა ისწავლებოდეს. ქართული ენა მხოლოდ და მხოლოდ ერთ რიგით საგნად რჩება.

როგორც ცხინვალის განათლების მინისტრის მოადგილე ელისა გაგლოევა ამბობს, „სამხრეთ ოსეთში არსებული ყველა სკოლა გადავიდა ახალ საგანმანათლებლო სტანდარტზე“, რასაც ქართული სკოლები ვერ ერგება და ამიტომ ცხინვალმა ამ ხარვეზის აღმოფხვრა გადაწყვიტა:

„ქართულ სკოლებში სხვა პროგრამით ასწავლიან. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ მოგვერგო ეს პროგრამა სამხრეთ ოსეთის რეალობაზე. ქართული სკოლები ჩიხში შევიდნენ. სასწავლო პროგრამა არეულ-დარეული აქვთ და ჩვენ გადავწყვიტეთ, დავალაგოთ სიტუაცია. ამისათვის კი ის პროგრამა, რომელიც სამხრეთ ოსეთის სხვა სკოლებში ისწავლება, ქართულ სკოლებშიც უნდა ამოქმედდეს. გარდა ამისა, აქ, ცხინვალში გვაქვს პედაგოგთა ასამაღლებელი კურსები, ასევე ატესტაცია. ლენინგორის სკოლის მასწავლებლები არც ერთს გადიან და არც მეორეს, რადგან მათთვის ცალკე ქართულ ენაზე ფიზიკურად არ გვაქვს არც კურსები და არც საატესტაციო ტესტები. რატომ უნდა იყვნენ ისინი გამონაკლისები?!“

ახალგორის რაიონში (რომელსაც ცხინვალის ხელისუფლებამ საბჭოთადროინდელი სახელწოდება დაუბრუნა) დღეს რვა ქართული სკოლაა, სადაც წლებია სწავლება ქართულ ენაზე საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობდა. თუმცა აკრძალული იყო  ქართულ ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. როგორ გაგლოევა აცხადებდა, ქართულ სკოლებში ისტორიას „ტენდენციურად ასწავლიდნენ“, ეს წიგნები რეალურად სამხრეთ ოსეთის „რესპუბლიკის“ წინააღმდეგ იყო, რის გამოც სახელმძღვანელოები სასკოლო პროცესიდან გააძევეს.

4 კლასის ზევით მოსწავლეებისთვის კი ქართულად სწავლების უფლება ისევ შენარჩუნდება, ისევ იმავე აკრძალვით – ქართული ისტორიისა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოები არ დაიშვება.

ახალგორის მკვიდრი, რომელსაც არ სურს საკუთარი ვინაობის გამხელა, ამბობს, რომ ადგილობრივი პედაგოგები და მოსწავლეები სერიოზული სიძნელის წინაშე აღმოჩნდნენ. პედაგოგთა დიდმა ნაწილმა არ იცის ან არასაკმარისად იცის რუსული ენა. შესაბამისად, ახალი პროგრამით სწავლება მათთვის ძნელია.

„ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ რუსულად ვერ ისწავლიან. მშობლებს იმის შიში აქვთ, რომ მოუწევთ სხვაგან გადაბარგება. მასწავლებლებს კი ყველაზე მეტად იმის გვეშინია, რუსულად როგორ ვასწავლოთ, როცა ჩვენ თვითონაც არ ვიცით ამდენი რუსული. გვპირდებიან, გადაგამზადებთო. თან გვსაყვედურობენ, ამდენი ხანი რით ვერ ისწავლეთ რუსული, ხომ იცოდით, ეს დრო რომ დადგებოდაო,“- ამბობს ახალგორის რაიონის ერთ-ერთი ქართული სკოლის მასწავლებელი.

სიახლეს არანაკლები შიშით შეხვდნენ მშობლები.

„ჩემმა შვილმა საერთოდ არ იცის რუსული. მარტო ელემენტალური სიტყვები – „გამარჯობა“, „როგორ ხარ“, „ნახვამდის“… არ გაუჭირდება სწავლა? არ ვიცი, რა იქნება,“ – ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ახალგორის რაიონის სკოლების დაწყებით კლასებში სწავლა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

„იმის გამო, რომ სწავლება დაწყებით კლასებში გადავიდა რუსულ ენაზე, ხოლო შესაბამისი სახელმძღვანელოები ჯერ არ არის, ახალგორის რაიონის სკოლების დაწყებით კლასებში სწავლება არ მიმდინარეობს. ბავშვები და პედაგოგები ჩვეულებრივად დადიან გაკვეთილებზე, თუმცა სასწავლო წიგნები არ აქვთ” – ამბობს თინიკაშვილი.

იმაზე, რომ დე ფაქტო განათლების სამინისტროს მიერ ქართულ სკოლებისთვის ჯერ წიგნები არ გადაუციათ და პედაგოგები გაურკვევლობაში არიან, DFWatch-თან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსი სოსო ცოტნიაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, თბილისიდან 5-11 კლასების ჩათვლით სახელმძღვანელოები გაგზავნილია, დაწყებითი კლასებისთვის წიგნებს გაგზავნა კი აკრძალული აქვთ. პედაგოგებმაც არ იციან, რა ქნან, რადგან მკაცრი მითითებაა, რომ გაკვეთილები რუსულად უნდა ჩაატარონ და მათ გაკვეთილებს შეამოწმებენ. უფრო მეტიც, თუ რუსულ ენაზე სწავლებას სრულფასოვნად ვერ შეძლებენ, შესაძლოა ისინი ოსმა პედაგოგებმა ჩაანაცვლონ.

„პედაგოგები ინფორმირებული არიან, რომ მათ მიერ რუსულ ენაზე გაკვეთილის ჩატარების უნარის შესამოწმებლად იგეგმება გაკვეთილებზე დასწრება,“- დასძენს ცოტნიაშვილი.

შეგახსნებთ, რომ ახალგორის  სკოლების სამხრეთ ოსეთის საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის შესახებ ინფორმაცია პირველად მიმდინარე წლის გაზაფხულზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ახალგორში ყოფნისას გააჟღერა.

„რატომ უნდა უმზადებდეს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბიუჯეტზე მყოფი სკოლები კურსდამთავრებულებს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებს?!“ – ამბობს ბიბილოვი.