xalilov

ზაურ ხალილოვი: „ნათლად ჩანდა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის ფაქტობრივად პირველივე დღიდან ქართული საზოგადოება, თავისი ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით, ორად გაიყო”

„ერთი რამ რაც ამ ოთხდღიანი ომის პერიოდში ნათლად ჩანდა, ის იყო  რომ ქართული საზოგადოება თავისი ეთნიკური სომხებით და აზერბაიჯანელებით ორად გაიყო,“ -აღნიშნა „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორმა ზაურ ხალილოვმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა.

„რაც ამ ოთხდღიანი ომის პერიოდში საქართველოში, მათ შორის სოციალურ ქსელში ხდებოდა, ჩემთვის განსაკუთრებული არ იყო. ნათლად ჩანდა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის  ფაქტობრივად პირველივე დღიდან ქართული საზოგადოება, თავისი ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით, ორად გაიყო.

„ზოგადად, ურთიერთობებს რაც შეეხება, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტები საკმაოდ მცირეა. რადგან ჯერ კიდევ პირველი ომის შემდეგ, როცა ოფიციალურად გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება, საქართველოს სომხური და აზერბაიჯანული სათვისტომოები შეთანხმდნენ, რომ  ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა  ეს კონფლიქტი საქართველოში არ გადმოსულიყო. აქედან გამომდინარე, თუკი ამ პერიოდის განმავლობაში რაიმე დაპირისპირება ხდებოდა, ორივე სათვისტომო აქტიურად ერთვებოდა და  მწვავე სახე ამ პროცესებს არ მიუღია,“- აღნიშნა ხალილოვმა.

DF Watch-ის ორგანიზებით წინა კვირას, ფრონტლაინ კლუბში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე – ცვლადი დინამიკა საქართველოს აზერბაიჯანელთა და სომეხთა შორის ურთიერთობებში.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:  ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე არნოლდ სტეფანიანი;  „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე  ალი ბაბაევი; ურთიერთობების საკითხებში ექსპერტი, „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გამგეობის ყოფილი წევრი სლავა მეჟდოიანი და „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორი ზაურ ხალილოვი.