chela_minaret

ჭელას მეჩეთთან მინარეთი ოთხშაბათს აღმართეს. (“სამხრეთის კარიბჭის” ფოტო.)

მინარეთი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მოხსნეს, ოთხშაბათს ღამით ადგილობრივ მეჩეთთან კვლავ აღმართეს.

ადგილობრივი გაზეთის, ” სამხრეთის კარიბჭის” (Sknews.ge) ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მუსლიმებმა ყველა საჭირო დოკუმენტი მოაგროვეს, 27 ნოემბერს ადიგენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ ჭელაში მინარეთის აღდგენის უფლება მისცა.

Sknews.ge-სთან საუბარში ჭელას მეჩეთის იმამმა ჯამბულ აბულაძემ თქვა, რომ გარკვეული გარემოებების გამო მათ არჩიეს მინარეთის ღამის საათებში აღდგენა.

მუსლიმები იმედოვნებენ, რომ დაძაბულობას ადგილი აღარ ექნება.

„ჩვენ ყველანი ქართველები ვართ, განსხვავებული რელიგიური შეხედულებებით, და ჩვენ ერთად და მშვიდად უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში,“ თქვა აბულაძემ.

მინარეთის აღდგენის დროს სოფელში გზები გადაკეტილი იყო, უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტილი იყო მეჩეთის შესასვლელიც. პროცესი ამჟამად დასრულებულია.

ახლომდებარე სოფლების მღვდლები ჭელაში ჩამოვიდნენ და მინარეთის აღდგენას აპროტესტებენ.

„ეკლესიების განადგურება და მინარეთებისა და მეჩეთების აღმართვა არასწორია,“ უთხრა დავით ისაკაძემ Sknews.ge-ს. დასძინა, რომ საქართველოში უკვე საკმარისი რაოდენობით მეჩეთებია და არ სჯერა (მუსლიმების) დაპირებისა, რომ მინარეთიდან ხმამაღალ სალოცავ მოწოდებებს ადგილი არ ექნება .

ისაკაძის მტკიცებით, მთელი ქართული მართლმადიდებელი მრევლი გააპროტესტებს მინარეთის აღდგენას.

ჭელაში მინარეთი პირველად აგვისტოში აღმართეს, რასაც მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა მინარეთის დემონტაჟი განახორციელა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ მინარეთის ასაშენებლად გამოყენებული იმპორტირებული მასალა არასწორად იყო განბაჟებული.

იხ. ასევე: https://dfwatch.net/minaret-conflict-in-chela-georgia-still-unresolved-23762