ადგილობრივი მედიის ცნობით, აფხაზეთში სამი ათეული წელია უკვე ერთგვარ „ტრადიციად“ დამკვიდრდა, რომ წინასაახალწლოდ კრიმინალი განსაკუთრებით აქტიურდება და ამ მხრივ არც მიმდინარე წელი გახდა გამონაკლისი.

ბოლო დღეებში ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დანაშაული მოხდა, რომლებმაც აფხაზურ საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია.

ყაჩაღობებს შორის კი ასევე ერთგვარი „წინასაახალწლო კრიმინალური ტრადიციაა“ საინკასაციო მანქანაზე თავდასხმა.

მაგალითად, 12 დეკემბერს ტყვარჩელში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ავტომანქანას, რომლითაც ადგილობრივი საავადმყოფოს მედპერსონალისათვის განკუთვნილი სახელფასო თანხა გადაჰქონდათ. თავდამსხმელებმა 1, 3 მილიონი რუბლი (51 000 ლარი) გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

აფხაზური მედია წერს, რომ მსგავსი ძარცვა მოხდა 2016 წლის 24 დეკემბერსაც, დაახლოებით 3 მილიონი რუბლი (118 000 ლარი) გაიტაცეს გულრიფშის რაიონის განათლების განყოფილების ბუღალტერიიდან და ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როდესაც მძარცველები „ცხელ კვალზე“ დააკავეს. ყაჩაღებს შორის კი აღმოჩნდა აფხაზური ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ წევრი დაურ ტანია, რომელიც შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.

წელს, 14 დეკემბერს, ღამით მძარცველებმა მოიპარეს მაგისტრალური სატელეფონო კაბელი, რის გამოც სატელეფონო კავშირის გარეშე დატოვეს 1000 აბონენტზე მეტი სოხუმის დასავლეთ ნაწილში.

კომუნიკაციების და მასმედიის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა შამბა აღნიშნავს, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა გასული წლის დეკემბერშიც.

კვირის კიდევ ერთი მოვლენა მოხდა 11 დეკემბერს, როდესაც  ცენტრალურ ტრასაზე ოჩამჩირის საგზაო მილიციის თანამშრომლებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომანქანას. მიზეზად დასახელდა ის, რომ მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, მანქანა გაეჩერებინა. შედეგად ერთი მგზავრი დაიჭრა და ის საავადმყოფოში მკურნალობს.

ინციდენტის კომენტირებისას ე.წ. პროკურატურა აცხადებს, რომ სამართალდამცველებს წინასწარი ინფორმაცია ჰქონდათ იმის შესახებ, რომ ამ მანქანით ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდათ და ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ გაიხსნა, რაც მძღოლი სამართალდამცველთა მოთხოვნას არ დაემორჩილა.

აღმოჩნდა თუ არა მანქანაში ნარკოტიკები, დე ფაქტო უწყება დუმს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ „ერთ-ერთი მგზავრი მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა“.

ოჩამჩირეს დე ფაქტო რაიონული პროკურატურა მილიციის თანამშრომლების მიერ იარაღის გამოყენების მართებულობის საკითხს სწავლობს.