ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამშრომელს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებს ბრალს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურის მტკიცებით, „ლიპინმა და მისმა თანამოაზრეებმა 2008 წელს საქართველოს სპეცსამსახურებს სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელსაც ქართული ჯარი აგვისტოს ომის დროს რეაქტიული სისტემების, ასევე მჭიდროდ დასახლებული რაიონების, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სამხედრო ობიექტებისა და კოლონების მისამართით ცეცხლის კორექტირებისთვის იყენებდა“.

გამოძიება გრძელდება. პროკურატურასთან ერთად მუშაობაში ჩართული ადგილობრივი უშიშროება, რომელსაც საბჭოთა დასახელება აქვს – კგბ. “თანამზრახველებზე” ცნობები არ ვრცელდება.

ლიპინი დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ადმინისტრაციიდან დაითხოვა, სადაც მოქალაქეების მისაღებს ხელმძღვანელობდა. სხვა ცნობებით, მან სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა.