(ცხინვალის რეჟიმის საგანგებოს სიტუაციების უწყების ფოტო.)

ერთადერთი გზა, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს, უკვე მეშვიდე დღეა ჩაკეტილია ძლიერი თოვისა და მაღალმთიან მონაკვეთებზე რამდენიმე ადგილას ზვავის ჩამოწოლის გამო.

კვირას, მთელი დღის განმავლობაში, ცხინვალის რეჟიმის სამსახურები გზის გაწმენდას ცდილობდნენ. ზოგიერთ მონაკვეთზე ზვავის ხელოვნურად გამოსაწვევად აფეთქება განხორციელდა. ადგილობრივების ცნობით, აფეთქებები დღესაც გრძელდებოდა.

მიუხედავად ამისა, ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე, რომელიც ცხინვალს, როკის გვირაბის გავლით, ვლადიკავკაზთან აკავშირებს, მოძრაობა ორშაბათსაც არ აღმდგარა. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლება გზის გახსნის კონკრეტული ვადის დასახელებისგან თავს იკავებს. ირწმუნება, რომ “რესპუბლიკაში” საწვავისა და საკვები პროდუქტების მწვავე დეფიციტი არ არის, თუმცა ცხინვალისა და ახალგორის მაღაზიებში ამ მხრივ უკვე რამდენიმე დღეა სერიოზული პრობლემაა შექმნილი.

გარდა ცენტრალური მაგისტრალისა, ჩახერგილია ბევრი ადგილობრივი გზაც. რამდენიმე სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.

პარასკევს ცხინვალის მახლობლად კლდის მასა გზაზე ჩამოიშალა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა, რომლის მძღოლმა რამდენიმე მოტეხილობა მიიღო.

სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ცხინვალის რეჟიმმა 11 იანვრიდან, “ღორის გრიპის” ვირუსის გავრცელების პროფილაქტიკის საბაბით, დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზაც ჩაკეტა.