shotadze-3_b4418

შოთაძე : „პირადი ცხოვრების უკანონო ჩანაწერების გავრცელებაზე გამოძიებას ბრალდებული ჯერ არ ჰყავს“ (ipn)

მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ბოლო დროს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე  გამოძიებას ბრალდებული არ ჰყავს.

როგორც პარასკევს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის კონფერენციაზე  შოთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება გრძელდება და საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მოთხოვნები არაერთ ქვეყანასთან არის გაგზავნილი.

შეგახსენებთ, რომ 11 და 14 მარტს სავარაუდოდ, რამდენიმე პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერები გავრცელდა. „იუთუბზე“ ატვირთული ვიდეოს ბმული სოციალურ ქსელ  „ფეისბუქში“ არაერთმა მოქალაქემ მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურაში ამბობდნენ, რომ უკანონო ჩანაწერები საქართველოს ტერიტორიიდან არ ატვირთულა და არცერთი კადრი 2012 წლის 1 ოქტომბრის, ანუ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოპოვებული არ არის.