policemanბავარიის ქალაქ ერლანგენში, ქართულმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ  პენსიონერი ცოლ-ქმრის სახლი იმ დროს გაქურდა, როდესაც ისინი სახლში არ იყვნენ. დაზარალებულების თქმით, მძარცველებმა სახლიდან 300 ევრო და 10 000 ევროს ღირებულების სამკაული გაიტანეს. გერმანული პრესის ცნობით, ეს ერთ-ერთია იმ ათასზე მეტი დანაშაულიდან, რომელსაც ქართველები გერმანიაში ყოველწლიურად სჩადიან.

ARD-მ, გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, ქართულ კრიმინალს სპეციალური რეპორტაჟი მიუძღვნა, რომლის თანახმადაც, სავარაუდო მძარცველის ვინაობა ცოლ-ქმრის სახლიდან მოპარული საათის მეშვეობით გაიგეს, რომელიც მიუნხენში, მათ მანქანაში აღმოაჩინეს. მიუხედავად ამისა, მძარცველების დაკავება ვერ მოხერხდა და ვერც ნაქურდალი აღმოაჩინეს.

მიუნხენის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, 5 წლის წინ, ყოველწლიურად, ბინის ძარცვის 600-მდე შემთხვევა ჰქონდათ, ახლა კი ამ რიცხვმა 900-ს გადააჭარბა.

გამოცემა www.swr.de-ის ინფორმაციით, მხოლოდ 2014 წელს ქართველებმა გერმანიაში 1067 დანაშაული ჩაიდინეს.

ARD-ს ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის უფროსმა უთხრა, რომ 2011 წლიდან  ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს მოქალაქეთა მიერ შეტანილი განცხადებების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, 2014 წელს ქართველების მიერ გერმანიისთვის მიყენებული ზარალი 370 მილიონ ევროს აღწევდა, ხოლო 4 000 ქართველი კი ძარცვაში იყო ეჭვმიტანილი.

ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მიგრანტების არნახული მოზღვავების გამო გერმანია თავშესაფრის მიცემის საკითხის განხილვის ვადების დაჩქარებას აპირებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ქართველების მიერ თავშესაფარზე შეტანილი განაცხადების განსახილველად კონკრეტული პირები გამოიყოფიან.