ლიზი საბულუა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობს. მისი ფოტოები ალბათ სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან ის უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორი იყო ლიზის ცხოვრება იქამდე და რა შეიცვალა მას შემდეგ, „მშობელს“ ლიზის დედა, მაკა ავალიანი უყვება.

„ლიზის ცხოვრება მოდელობამდე ჩვეულებრივი იყო, მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ქუჩაში ცნობენ, ეფერებიან, აქებენ. ნანუკას შოუში რომ იყო, აფხაზებიც უყურებდნენ თურმე, უკან რომ დავბრუნდით საბერიოში – შეძახილებით შეხვდნენ – ბრავო ლიზი, რა მაგარი იყავიო“.

გოგონა ფოტოგრაფმა ლაშა შალამბერიძემ ნათლობაზე აღმოაჩინა.

„როგორც აღმოჩნდა, ფოტოგრაფმა ლიზი ნათესავის ნათლობაზე ნახა და იმ დღეს ორი ფოტოც გადაუღო. მეორე დღეს უკვე დაგვიკავშირდა და ფოტოსესიაც ჩაუტარა. ამ ფოტოსესიის შემდეგ გამოჩნდა დიზაინერი ნინო ხეიძე, რომელიც ლიზის ულამაზეს კაბებს უკერავს და ახლა უკვე ხშირად დავდივართ თბილისში ფოტოსესიებზე“.

გოგონას დედა იმ პერიოდს იხსენებს, როცა ლიზის ფოტოები პირველად გავრცელდა.

„ფოტოები უამრავ საიტზე დაიდო, ხალხი წერდა რომ ქართველს არ ჰგავდა. ძალიან დიდი შრომა აქვს როგორც ფოტოგრაფს, ისე დიზაინერს ლიზის, როგორც მოდელის შექმნაში ჩადებული“.

თავად ლიზი გვიყვება რომ მისი ოცნება მსახიობობაა და აუცილებლად გააგრძელებს სამოდელო კარიერას.

“ძალიან მიყვარს სწავლა, განსაკუთრებით მათემატიკა. ჩემი ოცნება მსახიობობაა და მოდელობაც ძალიან მომწონს. ქუჩაში მცნობენ, მკოცნიან და თმაზე მეფერებიან. 2018 წელს მის ზუგდიდი გავხდი და ძალიან გამიხარდა. მადლობა ბესთ მოდელის გენერალურ დირექტორს კახი ხაბეიშვილს. მადლობა ჩემს ფოტოგრაფს ლაშა  შალამბერიძეს   და  ჩემს   დიზაინერს  ნინო  ხეიძეს.  რომ   არა ისინი მე, არ  ვიქნებოდი ის  ვინც ვარ“, – გვიყვება ლიზი.

დედა იხსენებს, რომ იმ პოზიტივს, რაც ლიზის თავს ხდებოდა, ნეგატიური ფონიც ახლდა.

„მიწერა ზუგდიდში გვაქვს, შესაბამისად, მის ზუგდიდის კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ლიზიმ გაიმარჯვა და გვირგვინი აფხაზეთში წამოვიღეთ. ამას ხალხის უარყოფითი რეაქცია მოყვა, გალელი ბავშვი რატომ გახდა მის ზუგდიდიო. საშინელებებს წერდნენ, ძალიან რთული წასაკითხი იყო და ეს პერიოდიც რთულად გადავიტანეთ. ლიზის რა თქმა უნდა არაფერი გაუგია, ამისთვის ჯერ პატარაა“.

ლიზისთან შეხვედრას იხსენებს ფოტოგრაფი ლაშა შალამბერიძეც.

„ქორწილს ვიღებდი. სიგარეტის მოსაწევად ვიყავი გარეთ გამოსული ლიზი რომ დავინახე, იქვე ქვიშაში თამაშობდა. ფოტოს გადაღება გადავწყვიტე, დამინახა თუ არა, ბავშვმა ეგრევე პოზიორობა დაიწყო. საოცარი ბავშვია. მივედი, მშობლები მოვიკითხე, იქვე გვერდით სუფრაზე ყოფილან, ჩემი საკონტაქტო დავუტოვე და ვთხოვე დამკავშირებოდნენ. მართლაც დამირეკეს. მეთქი, ეს ისეთი ბავშვია, ისე უბრალოდ არ უნდა დადიოდეს-თქო. გალში მიდიოდნენ, დრო არ ჰქონდათ, მაგრამ ერთი დღით დარჩნენ და ფოტოსესიაზეც დაგვთანხმდნენ. ზუსტად ეს სეზონი იყო, აპრილის თვე. გვირილების მინდვრებში ჩავატარეთ ფოტოსესია. მერე დიზაინერთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ყოველ წელს, შეგვექმნა მისთვის ახალი კოლექცია. ახლა ისინი ჩამოდიან ჯერ კაბების შესაკერად, მერე კი ფოტოსესიისთვის გალიდან. მისმა ფოტოებმა მალევე მოიპოვა პოპულარობა, ზოგმა „მზე“ შეარქვა, ზოგმა ფილმის გმირს „მანანას“ მიამსგავსა. ყველას მალევე შეუყვერდა“.

ფოტოგრაფი ასევე გვიზიარებს მის სურვილს, ლიზი, რომელიმე თეატრში მიიწვიონ ქასთინგზე.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომელიმე სპექტაკლში მიიღოს მონაწილეობა. საოცრად მსახიობია, უაზროდ მაგარი მსახიობი ბავშვია და არ უნდა დაიკარგოს“.