transgender_day_of_remembrance_2014

(DF Watch)

საქართველოში ტრანსგენდერი საბი ბერიანის მკვლელის დასჯის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სასამართლომ მკვლელი უდანაშაულოდ სცნო, რადგან მიიჩნია, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგებში მოქმედებდა, .

პეტიციას, რომლის ინიციატორია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, პირველივე დღესვე ექვსასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

პეტიციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ, მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ განსაჯელმა ლევან კოჭლაშვილმა საბი ბერიანს გულ-მკერდში დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, ბინაში კვალის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინა და მიიმალა, მას მხოლოდ 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯას იმავე საღამოს ჩადენილი სულ სხვა დანაშაულისთვის – სხვა ტრანსგენდერის ცემისა და ქონების დაზიანებისათვის.

სასამართლომ მიიჩნია, რომ კოჭლაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებს არ გასცდენია და საბოლოოდ მკვლელობის ეპიზოდში გაამართლა.

ტრანსგენდერის ცემა, რომლისთვისაც განსასჯელს პატიმრობა მიუსაჯეს, მან იმავე საღამოს ჩაიდინა, მაგრამ ეს სულ სხვა პიროვნება იყო, ბიანკა შიგუროვა, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრჯერ გამხდარა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი.

შიგუროვას თქმით, მან ეს მამაკაცი ინტერნეტით გაიცნო და თავის ბინაში მიიპატიჟა. ბიანკა ამბობს, რომ კოჭლაშვილი მას ფიზიკურად გაუსწორდა და სწორედ მისგან წასულმა მოკლა საბი.

ამბობს, რომ განსასჯელმა მის წინააღმდეგ ელექტროშოკო გამოიყენა და ამ ინციდენტის გამჟღავნების შემთხვევაში მოკვლით დაემუქრა.

ტრანსგენდერები ლგბტ  ადამიანებს შორისაც კი ყველაზე მოწყვლადი და ერთგვარად მარგინალიზებული ჯგუფია. ისინი მუდმივად განიცდიან დევნას, შევიწროებასა და ძალადობას, წერია ტექსტში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ზოგადად მსოფლიოში ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობა ხშირია.

პეტიციის ხელმომწერნი მთავარ პროკურატურას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების თხოვნით მიმართავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ საქმეში აშკარად იკვეთება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის ნიშნები.