პროკურატურამ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილისა და კიდევ მისი ორი მეგობრის, ლევან ქიტოშვილისა და იოსებ პავლიაშვილის უკანონოდ დაკავებისა და შემდეგ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც უშუალოდ დააკავეს ტატუნაშვილი და მასთან მყოფი ორი ადამიანი.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად დადიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონში, სადაც ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას.

პროკურატურის ცნობით, 2018 წლის თებერვალში ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, რის გამოც მისი დასჯა და წამება გადაწყვიტეს. მიზნის მისაღწევად, 2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს, იოსებ პავლიაშვილს და ლევან ქიტოშვილს ახალგორის ე.წ  პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევმა, ახალგორის ე.წ КГБ-ს განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და სხვა ე.წ. სამართალდამცავებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გადაიყვანეს ახალგორის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, იქიდან კი წამების მიზნით წაიყვანეს  ცხინვალში.

ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება სს კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა – წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 25-1441 მუხლის მე-2 ნაწილით (წამებაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).

„სს საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენის მიზნით. გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შს სამინისტრო. დავით გურწიევისთვის და ალიკ ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.