გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, მაშინ როცა ნაბაკევის გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, აფხაზეთის ხელისუფლებას, მისი გახსნის თხოვნით, თავად ნატო-ს ხელმძღვანელობამ მიმართა. ამის შესახებ ის აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„სამი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა – თაგილონში, ნაბაკევსა და ოტობაიაში. სამივე დაიკეტა, ამჟამად კი მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდის გამშვები პუნქტი მუშაობს. როცა ნაბაკევის გამშვები პუნქტი დავკეტეთ, აფხაზეთის ხელისუფლებას თავად ნატოს ხელმძღვანელობამ მოგვმართა მისი გახსნის თხოვნით. ენგურის გამშვები პუნქტი, იმ ფორმით, რა ფორმითაც ფუნქციონირებს, მხოლოდ აფხაზური მხარის კეთილი ნების საფუძველზე მუშაობს, რადგან გალის მოსახლეობის დიდ ნაწილს, საქართველოს ტერიტოტიაზე უახლოესი ნათესავები ყავს. ასევე ჰუმანიტარული მოტივით. საზღვარი მუშაობს ისე, როგორც მუშაობს. დილის 7 საათიდან საღამოს 8-9 საათამდე საზღვარზე მიმდინარეობს მოსახლეობის გადაადგილება“, – აცხადებს ნადარაია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ენგურის ხიდი შეზღუდულად მუშაობს. „საზღვრის“ გადაკვეთის უფლება არ აქვთ 18-დან 60 წლამდე მამაკაცებს. მოსახლეობა შეზღუდვის მოხსნას ყოველდღიურად ელოდება, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.

ცნობისთვის, აფხაზური მხარე დამატებითი გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, რომელიც 2016 წელს განხორციელდა, კორუფციასთან ბრძოლას უკავშირებს. მოსახლეობის უკმაყოფილებაზე კი პასუხობს, რომ გალელების კომფორტისთვის დაიგო ახალი გზები და გამოიყო მიკროავტობუსები, რომლებიც გალიდან სხვადასხვა სოფლების მიმართულებით გადაადგილდებიან.