თბილისში ტრამვაის აღდგენაზე ამ ეტაპისთვის მერია არ მუშაობს და ეს საკითხი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება. ამის შესახებ DFWatch-ს დედაქალაქის მერიაში უთხრეს და ისიც აღნიშნეს, რომ უწყებაში ეს საკითხი არც განუხილავთ და არც რაიმე პროექტი შეუმუშავებიათ.

რაც შეეხება 2012 წელს,  ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს შემუშავებულ პროექტს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ვერ გვითხრეს, თუ რა ჯდებოდა ამ პროექტის განხორციელება. თუმცა თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, ტრამვაის სისტემის დანერგვას 300 მილიონ დოლარზე მეტი სჭირდება, რისი რესურსიც მერიას არ აქვს.

“თბილისში რამდენიმე ქსელის გაკეთება საკმაოდ ძვირადღირებულია და 300 მილიონ დოლარზე მეტია მისი ღირებულება. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ხაზია დელისი-ორთაჭალის მიმართულება, რომელიც თბილისის ცენტრალურ უბნებს გაივლის. მისი განხორციელება დაახლოებით, 140 მილიონ დოლარზე მეტი ჯდება. პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია და ამის რესურსი დღეს არ არის,” – აღნიშნავს  ლექვინაძე.

საუბარია 2012 წელს ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ შემუშავებულ პროექტზე, რომლის  მიხედვითაც,  ტრამვაის პირველი ხაზის სიგრძე 14 კილომეტრი იყო და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, ვაკის გავლით, ორთაჭალას უკავშირდებოდა. მაგრამ საბოლოოდ, მაშინ ეს პროექტი შეჩერდა.

საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი აბესაძე, რომელიც 2012 წელს თბილისის მერის  გიგი უგულავას მოადგილე იყო, „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას ამბობს, რომ მაშინ პროექტის შეჩერების მიზეზი  ფინანსები გახდა. მისი თქმით,  ფინანსური კუთხით, ამ პროექტის განხორციელება არც ახლაა მარტივი.

“ყველა წინამდებარე სამუშაო 1 მილიონი ევრო დაჯდა, რომელიც საფრანგეთის მთავრობამ გრანტის სახით გამოყო. ამ თანხაში შესრულდა ყველა სამუშაო – გამოკითხვა, ტექნიკური მხარე, გაითვალა რისკები… პროექტი უკვე მზად იყო მშენებლობის დასაწყებად, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ გავჩერდით, რადგან მისი განხორციელება დაახლოებით 500 მილიონი ევრო ჯდებოდა და ჩავთვალეთ, რომ მაშინ ეს თანხა ძალიან ბევრი იყო, თბილისის ბიუჯეტი ამის საშუალებას არ იძლეოდა” – განაცხადა აბესაძემ.

მიუხედავად დიდი ერთჯერადი ხარჯისა, ტრამვაის საჭიროებასა და უპირატესობაზე საუბრობს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, ტრამვაი არის ყველაზე კომფორტული, სწრაფი, ეკოლოგიურად სრულიად სუფთა ტრანსპორტი, რომელიც გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ქალაქში საცობების პრობლემის მოგვარებასაც.

ცნობისთვის, თბილისში ელექტროტრამვაის ამოქმედების თარიღად კი 1904 წლის 25 დეკემბერი ითვლება, რომელსაც წინ უსწრებდა ცხენის ტრამვაი ე. წ. ,,კონკა”. თუმცა, 90-იანი წლებიდან დაიწყო ტრამვაის ქსელის ეტაპობრივი შემცირება, 2006 წელს კი სრულიად გაუქმდა.