ucha_nanuashvili_Crop

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. („ინტერპრესნიუსი“.)

ეთნიკური, სექსუალური და რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია, ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახური ძალადობა, დაშინება სკოლაში, პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობა და ჰეს-ების ზეგავლენა ადამიანების ცხოვრებაზე იმ გამოწვევების ნაწილია, რაც ომბუდსმენის აპარატის 2013 წლის ანგარიშში მოხვდა.

სახალხო დამცველმა 600-გვერდიანი ანგარიში პარლამენტს ორშაბათს წარუდგინა. მასში ყურადღება გამახვილებულია 2013 წლის 17 მაისს ლგბტ თემზე მომხდარ ძალადობაზე, რაც შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შემაშფოთებელი“. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 17 მაისის მოვლენების შემდგომ დაწყებული ძალადობა ლგბტ თემის წარმომადგენლებსა თუ ადამიანის უფლებების დამცველებზე კვლავ გრძელდება.

აუცილებლად მოსაგვარებელ მნიშვნელოვან საკითხებს შორისაა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევებიც.

რელიგიური უმცირესობების უფლებების დარღვევის შემთხვევები დაფიქსირდა სოფლებში: წინწყარო, სამთაწყარო და ჭელა, სადაც მუსლიმებს არ მისცეს ლოცვის, სამლოცველოს აშენების და მეჩეთზე მინარეთის დამონტაჟების საშუალება.

საქართველოში პრობლემად რჩება გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვებაც. ეს, ძირითადად, მშობლებს შორის შეთანხმების ან მოტაცების შედეგია.

ერთ-ერთი მაგალითი, რაც ანგარიშშია მოყვანილი, არის აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქ ლაგოდეხში მომხდარი შემთხვევა, როდესაც მამამ თავისი ქალიშვილი 45 წლის მამაკაცს 10 ძროხის სანაცვლოდ მიათხოვა.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მსგავსი შემთხვევები ლაგოდეხში საკმაოდ ხშირია. 2014 წლის იანვარი-თებერვლის პერიოდში დაფიქსირდა ქორწინების მიზნით მოტაცების სამი შემთხვევა, ხოლო ადრეულ ასაკში საკუთარი ნებით ქორწინების 20 შემთხვევა. საქართველოს განათლების სამინისტროს მონაცემებით, მარტო 2011-2013 წლებში ქორწინების გამო სკოლაში სიარული 7367 გოგონამ შეწყვიტა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ოჯახურ ძალადობასა და ქალთა უფლებებზე. 2013 წელს 21 ქალი მოკლეს, რვა მათგანი მეუღლემ, ხოლო ერთი საკუთარმა შვილმა გამოასალმა სიცოცხლეს.

2013 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ოჯახური კონფლიქტის შესახებ ცხელ ხაზზე 5 447 ზარი დაფიქსირდა, აქედან 358 შემთხვევაში ოჯახური ძალადობის ფაქტი დადასტურდა.

სპეციალურმა ჯგუფმა, რომელიც ოჯახურ ძალადობას აკვირდება, 2013 წელს 30 ასეთი შემთხვევა შეისწავლა, აქედან 27-ში დაფიქსირდა ოჯახური, ხოლო 25-ში ქალზე ძალადობის ფაქტები.

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი, რასაც სახალხო დამცველი თავის ანგარიშში შეეხო, არის რელიგიის თავისუფლება საჯარო სკოლებში, რამდენადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ბავშვები არ არიან დაცული ფსიქოლოგიური, მორალური და ფიზიკური ძალადობისგან.

„სკოლაში არის დისკრიმინაციული კლიმატი, რომელიც უმცირესობებს უქმნის საფრთხის განცდას, რომ პრობლემა შეიძლება გახდეს საჯარო,“ წერს ომბუდსმენი და დასძენს, რომ მშობლებიც და მოსწავლეებიც თავს არიდებენ დისკრიმინაციაზე საჯაროდ საუბარს.

შედარებით ახალი პრობლემაა ადამიანის უფლებების დარღვევა, რაც ორი გიგანტური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთანაა კავშირში, ესენია: ინდური პროექტი, ხუდონჰესი სვანეთში და ნორვეგიული პროექტი აჭარისწყალი (იგივე შუახევი) აჭარის სამხრეთდასავლეთში.

2013 წელს ომბუდსმენის ოფისმა მიიღო თერთმეტი ათასზე მეტი საჩივარი, თითქმის ორჯერ მეტი წინა წელთან შედარებით, რაც მიუთითებს ოფისის მიმართ გაზრდილ მოლოდინზე, ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ცოდნის ამაღლებასა და თავისუფალი გარემოს არსებობაზე.

ომბუდსმენი მიესალმება მასობრივი ამინისტიის გადაწყვეტილებას, რომელიც 2012 წელს მიიღეს, თუმცა 2013 წელს განხორციელდა. შედეგად განთავისუფლდა ქვეყნის პატიმრების თითქმის ნახევარი. თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ განთავისუფლება საკმარისი არ იყო.

რაც შეეხება ციხეში დარჩენილ პატიმრებს, ომბუდსმენის აზრით, მათ კვლავ არასათანადოდ ეპყრობიან.

უჩა ნანუაშვილის მტკიცებით, ამ დროისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში არსებობს გარკვეული პოზიტიური ცვლილებები, თუმცა ინფორმაცია 2013 წელს რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მისი აზრით, საგანგაშოა. ის ჯერ კიდევ იღებს საჩივრებს პატიმართა უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ.

„სახელმწიფოს არ შეეძლო უზრუნველეყო ამ პატიმრების და მათი სიცოცხლის უსაფრთხოება,“ აღნიშნა ნანუაშვილმა. „ამიტომ, ჩვენი რეკომენდაცია პროკურატურის მიმართ არის დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პატიმრების მიმართ არასათანადოდ მოპყრობის ყველა შემთხვევაზე.“