Shotadze13 სექტემბერს თბილისში დაწყებულ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულრომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ გიორგი შოთაძე (50 კგ წონით კატეგორიაში) და ლერი აბულაძე (54 კგ წონით კატეგორიაში). ლერი აბულაძე 2014 წლის ვერცხლის პრიზიორიცაა.

ჩემპიონატის პირველ დღეს ხალიჩაზე კიდევ 3 ქართველი – ირაკლი ძიმისტარიშვილი (58), ქერიმ მაჩალიკაშვილი (63) და საბა ცეცხლაძე (100) გავიდნენ, თუმცა უმედლოდ დარჩნენ.

ხვალ, მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 42, 46, 69, 76 და 85 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით კი  გიორგი ჩხიკვაძე (42), ლუკა ოჩიკავა (46), ლევან გოგუა (69), ლუკა ხუციშვილი (76) და გიორგი ქაცანაშვილი (85) იჭიდავებენ. დასაწყისი 10 საათზეა.

13-18 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისი პირველად უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაულ, თავისუფალ და ქალთა ჭიდაობაში. შეჯიბრება ახალ სპორტის სასახლეში იმართება.