შაკო გოგია (Facebook).

ახალგაზრდა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი შაკო გოგია აფხაზი ახალგაზრდებისთვის ინიციატივით გამოდის. როგორც DFWatch-ს გოგიამ განუცხადა, აფხაზ თანატოლებთან კონტაქტების გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წლის 22-25 აგვისტოს, ანაკლიაში დაგეგმილი  გასართობი ღონისძიების,  Echowaves Festival-ის ორგანიზატორებს თხოვნით მიმართავს, რათა აფხაზი ახლგაზრდებისთვის 100-მდე ბილეთი მოსაწვევის სახით გამოიყოს.

„1993 წლის შემდეგ აფხაზეთში დაიბადა მთელი თაობა, რომელთა ცნობიერებაშიც საქართველო მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყანაა. კრემლის პროპაგანდისტული მანქანა  ყველაფერს აკეთებდა ჩვენს დასაშორიშორებლად, მაგრამ  ბოლო წლებში ამ ტიპის განწყობები იქაც საგრძნობლად შეიცვალა. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ახალგაზრდებს სურთ, რომ იყვნენ ცივილური სამყაროს ნაწილი. ზოგიერთ მათგანს გულწრფელად აინტერესებს  საქართველოში მიმდინარე კულტურული თუ სხვა პროცესები. მე და ჩემი მეგობრები, ბლოგერები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, ადამიანები, რომლებსაც გვაქვს კონტაქტები ჩვენს მოძმე აფხაზებთან, გამოვთქვამთ მზაობას, რომ მათ ღირსეული მასპინძლობა გავუწიოთ. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას  და ფესტივალის ორგანიზატორებს უმორჩილესად გთხოვთ დაგვეხმაროთ აღნიშნული იდეის განხორციელებაში, თქვენი კომპეტენციის და ანაკლიაში დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში. ფეისბუკის ქართულენოვან მომხმარებლებს, კი მოგიწოდებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია, გააზიაროთ, რათა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ამ იდეის შესახებ,” – განაცხადა შაკო გოგიამ.