სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, 142 აბიტურიენტიდან, სტუდენტი 139 გახდა. როგორც DFWatch-ს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ გაუცხადა, ჩარიცხულთაგან 137 გალელია, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ორი.

„დარეგისტრირებულებიდან ერთმა ეროვნულების ჩაბარება არჩია, ორმა პირადი გადაწყვეტილებით უარი თქვა და არ იარა მოსამზადებელში, შესაბამისად, გალიდან შიდა გამოცდებზე 137 ბავშვი გავიდა და დადებითი შეფასება მიიღო. დაემატა ორი ცხინვალელი და მთლიანობაში ამ პროგრამის ფარგლებში 139 აბიტურიენტი ჩაირიცხა“, – განაცხადა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, უმეტესობა მათგანი თსუ-სა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტში განაგრძობენ სწავლას, რამდენიმე კი სხვა უნივერსიტეტში გადანაწილდა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება. ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეები, სპეციალურ მოსამზადებელ პროგრამას გადიან, უფინანსდებათ საცხოვრებელი, ეძლევათ 150-ლარიანი სტიპენდია და შიდა ტესტირებით ირიცხებიან უნივერსიტეტებში, შემდგომ უფინანსდებათ სწავლა 2250 ლარის ოდენობით.

პროგრამა წელს პირველად განხორციელდა.