ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის სისტემატიურად გაუფასურების მიუხედავად, მთავრობა ამ ხარჯების მხოლოდ 10%-იან შემცირების პირობას დებს, რასაც ოპოზიციის დიდი აღშფოთება მოჰყვა.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ვერა და ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, მივლინებებს, ჯიპებისთვის გადაჭარბებულ ბენზინის ხარჯებს და საკუთარი აქტივისტების დასაქმებისთვის შექმნილ არაფრის მაქნის  სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს.

ორშაბათს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და თქვა, რომ დამატებითი შემოსავლების მიღების მიზნით დაგეგმილი რეფორმების გარდა, მთავრობა საბიუჯეტო ხარჯებსაც ამცირებს.

“აქტიურად ვიმუშავეთ და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების უმრავლესობაში 10%-ით შევამცირეთ შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე 10%-ით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

“ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ წარდგენილი დოკუმენტით ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება არ მომხდარა და ის მიუღებელია.

„ბიუჯეტმა გვანახა, რომ მთავრობა ფუფუნებაზე და გაბერილი ბიუროკრატიის შემცირებაზე არ ფიქრობს. მილიარდნახევრიანი სახელფასო ფონდი 50 მილიონით შეამცირეს მხოლოდ. ვალის ხარჯზე მთავრობა აფინანსებს პირად კეთილდღეობას,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ.

თბილისის ბიუჯეტის პროექტში ამ კუთხით ცვლილება საერთოდ არ იგეგმება. დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში  ადმინისტრაციული ხარჯები ნაწილობრივ ისედაც დაზოგილია.

საკრებულოს ოპოზიცია კი  არა მარტო მომავალი წლის, არამედ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ითხოვს ცვლილებას. ამბობენ, რომ 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ სრულდება, ამიტომაც მთელი დარჩენილი ბიუჯეტის გახარჯვას და ავანსების წინასწარ გაცემას უმრავლესობა დეკემბერში აპირებს და ეს ლარს კიდევ უფრო გააუფასურებს.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის თქმით, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა ასეთი კატასტროფის დროს საბიუჯეტო სახსრების მაქსიმალურ შეზღუდვას  და სტრუქტურულ რეორგანიზაციას დაიწყებდა.

„არ შეიძლება ამხელა ჯიპებით სეირნობდნენ ჩინოვნიკები. მართლა ქამრების შემოჭერა უნდა დაიწყოს,“ – ამბობს ელისაშვილი.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ წევრი გიორგი ტყემალაძე პასუხად აცხადებს, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება ბიუჯეტის პირველ ვარიანტში უკვე ასახულია და საბოლოო ვარიანტი საკრებულოში გამოთქმული მოსაზრებების შეჯერებით 10 დეკემბრისთვის იქნება მზად.

აღსანიშნავია, რომ ა/ო „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს“ ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის პრობლემებზე და ძირითადად, საჯარო სამსხურებში ანაზღაურების ზრდის პრობლემატურობაზე კვლევები ჩატარებული აქვს, თუცა ის მხოლოდ 2015 წესლ ეხება.

ორგანიზაციამ 2016 წელს გამოაქვეყნა რამდენიმე კვლევა რეგიონების მიხედვით, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ  მკვეთრად გაიზარდა მუნიციპალური ა(ა)იპების რაოდენობა, თავად ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა რიცხვი და მათი შრომის ანაზღაურებაზე გასაწევი ხარჯიც.

კვლევის თანახმად, 2014 წლის შემდეგ, მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა საშუალოდ 8 232 ადამიანით (ჯამში 36 540-დან 44 772-მდე) , ხოლო სახელფასო ხარჯები თვეში 4 მილიონზე მეტი ლარით, ჯამში წლიურად 50 941 831 ლარით გაიზარდა.

ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისას ნათქვამია ისიც, რომ მაგალითად, 2015 წელს, 2012 წელთან შედარებით, მხოლოდ ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 358.5 მილიონი ლარით (34.16%-ით) გაიზარდა. ხოლო 2015 წელს 2014 წელთან შედარებით ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება გაზრდილია 89.6 მილიონი ლარით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უკვე 130.74 მილიონი ლარით (11%) იყო გაზრდილი.

2015 წლის თბილისის ბიუჯეტში კი პრობლემად მიიჩნევს, რომ 2015 წელს 2012 წელთან შედარებით თბილისის მთავრობის სისტემაში შრომის ანაზღაურება 20.97 მილიონი ლარით (73.44%-ით) იზრდება, ხოლო 2013 წელთან შედარებით – 2.11 მილიონი ლარით (4.45%-ით). ამასთანავე, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, 3.03 მილიონი ლარით იზრდება აღმასრულებელი ორგანოების მთლიანი მმართველობითი ხარჯები (5.39%-ით).