მაია ითინაშვილს ერგნეთთან ახლობლები ხვდებიან. (სპუტნიკ-ოსეტიას ფოტო.)

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული სამი შვილის დედა, მაია ოთინაშვილი 10-დღიანი ტყვეობის შემდეგ უკვე თავისუფალია და ხურვალეთში, საკუთარ სახლში იმყოფება. 37 წლის ქალის გასათავისუფლებლად ოჯახმა 15 000 რუსული რუბლი (560 ლარი) გადაიხადა.

სახლში დაბრუნებული ქალი ჰყვება, რომ საკუთარ ბაღში ნიღბიანმა და შეიარაღებულმა ოსებმა დააკავეს და ძალის გამოყენებით, ცემით წაიყვანეს ოკუპირებულ მხარეს, რუსულ ბაზაზე კი თვალახვეული მიიყვანეს.

„აქეთ მხარეს ვიყავი, მივიდნენ უკნიდან და დამაკავეს. თვითონ გადმოვიდნენ. ოსები იყვნენ და რუსებთან მიმიყვანეს. დაკავების დროს იყო სირთულეები, შემდეგ ცუდად არ მექცეოდნენ. შესაძლოა ცუდად მელაპარაკებოდნენ, მაგრამ ისინი მელაპარაკებოდნენ რუსულად და არ მესმოდა. იმათ ჩემი ქართული არ ესმოდათ, მე – იმათი რუსული. ფიზიკური შეურაცხყოფა არ ყოფილა. ნაცემი ვიყავი აქ, დაკავების დროს, ძალის გამოყენებით გადამიყვანეს, რადგან წინააღმდეგობა გავუწიე. იქ თითიც არავის დაუკარებია,“ – ამბობს ოთინაშვილი ტელეკამერებთან.

პირველ არხთან ყვება, რომ რუსულ ბაზაზე გადაყვანის დროს თვალები ახვეული ჰქონდა.

„რუსულ ბაზაზე ვიყავი ერთი დღე, დილიდან საღამომდე. მოჰქონდათ რაღაც ფურცლები და ხელს მაწერინებდნენ. ბაზიდან ცხინვალის იზოლატორში გადამიყვანეს, ოთხი დღე იქ ვიყავი. მეხუთე დღეს სასამართლო გვქონდა. ერთთვიანი შემიფარდეს და მას შემდეგ ციხეში ვიყავი. ორი სასამართლო პროცესი იყო. ერთწლიანი პირობითი მომისაჯეს. განმიმარტეს, რომ 6 თვე არ უნდა ჩავიდინო ეს დანაშაული, ისინი რასაც ეძახიან დანაშაულს. თუ მერე კიდე დავიჭერთ, მერე გაგასამართლებთო. ყველაზე ძალიან ჩემი სახლი და ბავშვები მენატრებოდა“, – ამბობს ოთინაშვილი.

ოკუპირებული ახალგორის რაიონულმა სასამართლომ მაია ოთინაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევაში დამნაშავედ ცნო და ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.

ოსური მედიის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოთინაშვილი ქართულ მხარეს დღეს სოფელ ერგნეთთან გადასცეს. ამასთან მაია ოთინაშვილის ოჯახი ამბობს, რომ ქალის სახლში გამოშვების სანაცვლოდ მათ ე.წ. ჯარიმა 15 000 რუბლიც გადაიხადეს.

მაია ოთინაშვილთან ერთად, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მწყემსი, აკაკი დოთიაშვილიც გაათავისუფლეს. 50 წლის მწყემსი ოკუპანტებმა 6 ოქტომბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს. ოჯახმა ცხინვალის რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაწესებული 2 000 რუსული რუბლი 7 ოქტომბერს გადაიხადა. მწყემსი რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ სოფელ კირბალიდან იმ დროს აიყვანეს, როცა ის შვილთან და თანასოფლელთან ერთად საქონელს მწყემსავდა.

რაც შეეხება მაია ოთინაშვილს, ის ოკუპანტებმა 29 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხურვალეთში, საკუთარი ბაღიდან ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაიტაცეს.