tbv

მაესტროს ლოგო ტვ11-ის ეთერში

ტელეკომპანია „მაესტროში“ დაცვა გაძლიერებულია და  ძმები გაჩეჩილაძეების შენობაში შეშვებას მათ მიერ  უკვე გადაყენებული გენდირექტორი არ აპირებს. პარალელურად კი „მაესტროს” დამფუძნებლების ნაწილმა ძმები გაჩეჩილაძეებისგან დამოუკიდებლად, ახალი ტელეკომპანიის – “მაესტრო 24”-ის მაუწყებლობა იგივე ლოგოთი დაიწყო.

„მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებლის ბაჩო კიკაბიძის განცხადებით, მის მფლობელობაში არსებულმა “მაესტრო 24”-მა ფუნქციონირება ტვ11-ის სიხშირეზე დაიწყო.

ტვ11 ნაცვლად, რომელიც ამ დრომდე გასართობი არხი იყო, „მაესტრო 24“ ჩაირთო.

კიკაბიძემ მარეგულირებელ კომისიას “მაესტრო 24″-ის ტრანსლირების დაწყებასთან დაკავშირებით უკვე მიმართა.

როგორც კიკაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი თავდაპირველი მიზანია სატესტო რეჟიმში „მაესტრო 24″ ყველა ოჯახში აჩვენებდეს. ახალ არხზე გადასვლა „მაესტროს” ტექნიკურ ჯგუფს შესთავაზეს, ჟურნალისტებს კი ჯერჯერობით – არა.

„მაესტრო 24″-ის მაუწყებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო იმ ხალხმა, ვისაც არ უნდოდა „მაესტროდან” წავსულიყავი,“ – ამის შესახებ ჟუნალისტებს ტელეკომპანია „მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ბაია გადაბაძემ განუცხადა.

ის ამბობს, რომ ახალ არხზე გადასვლას ყველა ჟურნალისტს შესთავაზებს.

ეს ყველაფერი ტელეკომპანია „მაესტროში“ მფლობელებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა. 1 თებერვალს კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი მომღერალი გია გაჩეჩილაძე გახდა, რის შემდეგაც  გენერალური დირექტორად საკუთარი ძმა, ყოფილი პოლიტიკოსი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.

„მაესტროს“ ყოფილი დირექტორი ბაია გადაბაძე ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივით ხსნის და აცხადებს, რომ ეს შესაძლოა არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფუძველი გახდეს. ამბობს, რომ 55%-იანი წილის მფლობელს და ახალ გენერალურ დირექტორს ტელევიზიაში შესვლის უფლებას არ მისცემს.

საჯარო რეესტრის ვებ-გვერდის ამონაწერით „მაესტროს“ 55%-ის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გახდა.  მომღერალმა, რომელმიც უკვე ფლობდა მაესტროს 25%-ს, გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძისგან 15-15% შეიძინა. გაჩეჩილაძესთან ერთად მაესტროს აქციების მფლობელები არიან: მაკა ასათიანი – 25%, მამუკა ღლონტი -15% და ეკატერინე აკობია -5%.

წილების ცვლილებას წინ უძღოდა ოქტომბერში თბილისის სასამართლოში მაშინდელი გენდირექტორის, მაია გადაბაძის სახელით შეტანილი სარჩელი, რითაც „მაესტროს“ გადახდისუუნაროდ აღიარებასა და გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვდა.

კომპანიაში პარტნიორთა კრება ჩატარდა, სადაც ერთ-ერთმა მეწილემ, მაკა ასათიანმა, მისგან აღებული კრედიტების დაუყოვნებლივ დაფარვა მოითხოვა, რის შემდეგაც პარტნიორებმა გაკოტრების საქმის დაწყება გადაწყვიტეს.

გია გაჩეჩილაძის განმარტებით, მას უნდა ტელეკომპანია გაკოტრებას გადაარჩინოს, ამიტომაც დასახმარებლად ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუკავშირდა. ფული კი მისმა მეგობარმა,  “სალფორდ ჯორჯიას” ხელმძღვანელმა და ბადრი პატარკაციშვილის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა ირაკლი რუხაძემ ასესხა.

ამ დრომდე არ სახელდება თანხა, რომელიც გაჩეჩილაძემ ყოფილ მოწილეებს გადაუხადა. არაოფიციალურა კი საუბარია 2,5 მილიონ დოლარზე.

მაია გადაბაძის პროტესტ სწორედ ამ ფულის წარმომავლობა იწვევს. გადაბაძის განცხადებით, კომპანიის მფლობელი გახდა “იმედის” არაოფიციალური მმართველი ირაკლი რუხაძე და ლოგიკურად, კომპანია, რომელსაც გააჩნია 50-მილიონიანი ვალი, არ შეიძლება იყოს მიმზიდველი კომერციულად და მის შემძენს მხოლოდ პოლიტიკური მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს.

„განვითარებული პროცესების ლოგიკური შედეგი შეიძლება იყოს არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვა“, – მიიჩნევს გადაბაძე.

გარიგებას წინ უძღოდა ცვლილბა სარეკლამო ბაზარზეც – „მაესტროს“ სარეკლამო დრო, ისევე როგორც ჯიდიესის, ტელეკომპანია „იმედმა“ შეიძინა.

პოლიტიკურ მოტივად სახელდება ისიც, რომ გაჩეჩილაძე პრემიერ-მინისტრის ახლო მეგობარია და ამას არც ერთი მხარე არ მალავს.

თავად გიორგი გაჩეჩილაძე კი აცხადებს, რომ ტელევიზიის რეიტინგი ძალიან დაცემულია, ამიტომაც უკვირს, რატომ ჩნდება კითხვა გენდირექტორის შეცვლაზე. ის პირობას დებს, რომ არხი თავისუფალი იქნება, ასევე  ტელეკომპანიის ფორმატის შეცვლას, ბევრ სიახლეს და, არც მეტი არც ნაკლები, რეიტინგით „რუსთავი 2“-ისათვის გადასწრებას აანონსებს.

„სიტყვას გაძლევთ, რომ კონფლიქტში არავისთან და არასდროს შევალ, ყოველთვის დაველაპარაკები იმ ადამიანებს, ვისაც „მაესტროს“ განვითარება უნდა და უნდა ის ნამდვილად წამყვანი და კარგი ტელევიზია იყოს“, – აცხადებს გიორგი გაჩეჩილაძე.

ამ კონფლიქტისას განცხადება გაავრცელეს „მაესტროს“ ჟურნალისტებმაც, სადაც წერია, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის და როგორც გადაბაძის დროს იყო დამოუკიდებლობა გარანტირებული, მათი მოთხოვნაა, რომ ახალი მმართველის პირობებშიც რედაქციამ იგივე პირობებში განაგრძოს მუშაობა.

დღეისათვის საჯარო რეესტრში „მაესტროს“ გენდირექტორის ცვლილება არ მომხდარა და ისევ მაია გადაბაძე რჩება. გადაბაძეს უჭერენ მხარს მეწილეები – მაკა ასათიანი და მამუკა ღლონტი. გადაბაძე ტელეკომპანიის შენობაში, რომელიც მეწილე მაკა ასათიანის საკუთრებაა, გაჩეჩილაძეების შეშვებას არ აპირებს, „მოსალოდნელი ინციდეტის“ პრევენციისათვის კი დაცვა გაძლიერებულია.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის რეორგანიზაციის შესახებ „მაესტროს“ ხელმძღვანელობა 2014 წლის დეკემბერშიც ლაპარაკობდა. მაშინ ტელეკომპანია 20-მდე თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია. ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ „არხი უნდა გახდეს იდეოლოგიზებული“ და ამიტომაც ტელევიზიიდან წასვლა გადაწყვიტეს.

სტუდია „მაესტრო“ 1995 წელს შეიქმნა. 2008 წელს ის საზოგადოებრივ–პოლიტიკური ტელეარხი გახდა და 2009 წლის დასაწყისში საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულ არხად გადაიქცა. ამავეწლისგაზაფხულზე გადიოდა გია გაჩეჩილაძის, იგივე „უცნობის“ ტელეშოუ „საკანი №5“, რომლის პროდიუსერი იყო ბაია გადაბაძე.