Maestro_logoტელეკომანია „მაესტროს“ გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, ბიზნეს გადაცემების ხელმძღვანელის, გიორგი ისაკაძის შემდეგ, ხელშეკრულება გადაცემის ყველა, 32-ივე თანამშრომელს შეუჩერდა. ამის შესახებ DFWatch-ს „მაესტროს“ ბიზნეს გადაცემების პროდიუსერმა, თამუნა ქემერტელიძემ უთხრა.

თავად ამბობს, რომ აპირებს, სასამართლოს მიმართოს.  მისივე თქმით,  გათავისუფლების ერთადერთ მიზეზად დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა სამშაბათს, 31 მაისს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ ეთერში გიორგი ისაკაძესთან ერთად მისი სტუმრობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ამავე მიზეზით ქემერტელიძესთან ერთად შრომითი ხელშეკრულება კიდევ სამ თანამშრომელს, „ბიზნესკონტაქტის“ წამყვანს, ელენა კვანჭილაშვილს, „საქმიანი დილას“ წამყვანს, ბექა ბაციკაძეს და „ბიზნესკონტაქტის“ ჟურნალისტს, თელარა გელანტიას შეუჩერდათ.

„ვთვლით, რომ ყოვლად დაუშვებელია ტელეკომპანია „მაესტროს“ მოქმედმა თანამშრომლებმა საზოგადოების მენეჯმენტთან შეუთანხმებლად მონაწილეობა მიიღონ კონკურენტი ტელეკომპანიის ან ტელეკომპანიების თოქშოუებში, სადაც შპს „მაესტროს“ საქმიანი რეპუტაციის შემლახავი და მისი კომერციული ინტერესების დამაზიანებელი,“ -ნათქვამია ზურან ბაყეურის წერილში, რომელიც თამუნა ქემერტელიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაასაჯაროვა.

„როგორც ჩემი, ასევე 32 ადამიანის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ზურაბ ნაყეური აწერს ხელს. მას შემდეგ რაც გადაცემა „არჩევანში“ მონაწილეობის გამო 4 ადამიანს ხელშეკრულება შეგვიჩერდა, ნაყეური  შეხვდა ბიზნეს გადაცემის ყველა თანამშრომელს, სადაც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჩვენი გადაცემები ხვალიდან პროგრამების  ბადიდან ჩაიხსნებოდა, რაც უკვე მოხდა,“ – აღნიშნა ქემერტელიძემ.

მისთვის ჯერ უცნობია თუ რა გახდა მიზეზი, ან რით ახსნა დირექტორმა გადაცემების მოხსნის გადაწყვეტილება.

DFWatch შეეცადა „მაესტროს“ გენდირექტორთან ზურაბ ნაყეურთან დაკავშირებას და მისგან კომენტარის აღებას, თუ რატომ მოიხსნა გადაცემები არხის ბადიდან, თუმცა მის ტელეფონზე მისმა თანაშემწემ (როგორც გაგვეცნო) გვიპასუხა, რომლის თქმითაც, ნაყეურთან საუბარი დღეს ვერ მოხერხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ 31 მაისს, გიორგი ისაკაძის გათავისუფლების შესახებ საუბრისას  ნაყეურმა DFWatch-ს უთხრა, რომ თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს, ეს ტელეკომპანიის შიდა საქმეა და მესამე პირები (მედია) არ უნდა ერეოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 30 მაისს ტელეკომპანიის დირექტორის, ზურაბ ნაყეურის გადაწყვეტილებით, გიორგი ისაკაძეს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა და გადაცემების ხელმძღვანელი ვეღარ იქნებოდა.

ამის შემდეგ, ბიზნეს გადაცემების თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს და ტელეკომპანიის მენჯმენტსაც მიმართეს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ გიორგი ისაკაძე არ დაბრუნდება „მაესტროში“, „ბიზნესკონტაქტის“, „საქმიანი დილას“ და „ანალიტიკას“ მთელი შემოქმედებითი გუნდი უფლებას გიტოვებთ დაგვითხოვოთ სამსახურიდან“.

ამის შემდეგ, სწორედ გადაცემა არჩევანში სტუმრობისას, რაც 4 თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა, გიორგი ისაკაძემ მიმართა ტელეკომპანიის მფლობელებს, რომ იმისათვის, რომ პროექტებმა გააგრძელოს მაუწყებლობა, ის მზადაა ანაზღაურების გარეშე, 1 ლარად იმუშაოს ამ გადაცემების ხელმძღვანელად.

თუმცა, ისაკაძის ამ შეთავაზებაზე ტელეკომპანიის მენეჯმენტმა უარი განაცხადა.

„მაესტროში“ დღეს მიმდინარე მოვლენებს  წინ უსწრებდა ტელეკომპანიის მფლობელებს შორის რამდენიმეთვიანი დაპირისპირება. ის მას შემდეგ დაიწყო, რაც  1 თებერვალს კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი მომღერალი გია გაჩეჩილაძე გახდა, რის შემდეგაც  გენერალურ დირექტორად საკუთარი ძმა, ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე დანიშნა.

1-თვიანი დაპირისპირების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 7 მარტს  ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად დაარეგისტრირა და გენდირექტორობის უფლებამოსილება შეუჩერა ბაია გადაბაძეს.

ამის შემდეგ დავა გაგრძელდა იმაზე, საიდან იმაუწყებლებდა გაჩეჩილაძის დირექტორობით „მაესტრო“, რადგან ტელეკომპანია ამჟამად 25%-იანი წლის მფლობელი მაკა ასათიანის კუთვილ შენობაშია განთავსებული და ასათიანი გაჩეჩილაძეს შენობაში არ უშვებდა.

ამ ამბების პარალელურად,  ბაჩო კიკაბიძე, რომელიც ამბობდა, რომ „მაესტროს“ სახელი და ლოგო მისი მოგონილია და 2011 წლიდან მის საკუთრებას წარმოადგენს, ახალი არხის „მ24“-ის მაუწყებლობის დაწყებას აპირებდა, რისთვისაც შენობას, რომელშიც „მაესტრო“ ახლა მუშაობს, მაკა ასათიანი კიკაბიძეს უთმობდა. ასევე ცნობილი იყო ისიც, რომ ჟურნალისტების უმრავლესობა სწორედ კიკაბიძის არხზე აპირებდა მუშაობას.

შედეგად, რამდენიმე დღით „მაესტრო“ ლოგოსა და სახელის გარეშე მაუწყებლობდა.

თუმცა, საბოლოოდ, მხარეებმა – ტელეკომპანიის 55%-იანი წილის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) და 25%-იანი წილის მფლობელმა, დიზაინერმა მაკა ასათიანმა შეთანხმებას მიაღწიეს. 21 მარტს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად დაკმაყოფილდა, ტელეკომპანიის თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნები, რომ „მაესტროს“ ლოგო და სახელი, რომლის გარეშეც არხი რამდენიმე დღე მაუწყებლობდა,  ეთერში დაბრუნებულიყო, პასუხისმგებელ პირად ტელეკომპანიაში  ნეიტრალური პიროვნება დანიშნულიყო, ხოლო ლევან გაჩეჩილაძეს შპს „სტუდია მაესტროს“ დირექტორს უფლებამოსილება შეჩერებოდა. სწორედ ამის შემდეგ დანიშნა, „უცნობმა“ არხის გენერალურ დირექტორად ზურაბ ნაყეური.