აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმის ოპოზიცია სამშაბათს სოხუმში დიდი სახალხო კრების მოწვევას გეგმავს, რაც სასამართლო სხდომის პარალელურად უნდა გაიმართოს, რომელიც „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურში დამარცხებული კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას სარჩელს განიხილავს.

კვიცინია და მისი მხარდამჭერი ოპოზიციური ძალები მეორე ტურის შედეგის გაუქმებას მოითხოვენ იმ მოტივით, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მიიღო. (შეგახსენებთ, რომ დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 8 სექტემბრის არჩევნებში ხმების 47,4% მიიღო და ოპონენტს სულ რაღაც 1%-ით გაუსწრო.)

მოქმედი რეჟიმი კი „კონსტიტუციის“ სხვაგვარ ინტერპრეტაციას იძლევა და ამტკიცებს, რომ  კანონით მეორე ტურში იმარჯვებს ის, ვინც ხმების უბრალო უმრავლესობას დააგროვებს.

ამას გარდა, ოპოზიცია ირწმუნება, რომ არჩევნები გაყალბდა და „მთავრობას“ ხმების მოსყიდვაში, ასევე სხვა საარჩევნო მაქინაციებში სდებს ბრალს.

„წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ისევე როგორც თავად არჩევნების დღეს, მიმდინარეობდა ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვა და მათზე ხორციელდებოდა წნეხი. იმის მოწმენი გავხდით, რა მასშტაბებს მიაღწია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ, მიდიოდა ქვეყნის ჩაცემენტება…“ – ნათქვამია ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ განცხადებაში, რომელმაც არჩევნებზე კანდიდატად კვიცინია წამოაყენა.

სასამართლომ ალხაზ კვიცინიას სარჩელზე გადაწყვეტილება 10 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს.