city-court-in-tbilisiე. წ. კანონიერ ქურდს  დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას, მეტსახელად „სვანი“,  რომელთან  დაკავშირებული პროცესებიც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა „ოდესელების პროვოკაციად“  შეაფასა და რომლის დაკავების მიზნითაც 22 ივნისს, ოთხშაბათს ჩატარებული ეფექტური ღონისძიებებისთვის შს მინისტრს  პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს, მადლობა გადაუხადა, აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, მას კანონიერ ქურდობასთან ერთად  სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაც  ედება ბრალად.

გერლიანის ადვოკატი თამარ აბესაძე კი  ამბობს, რომ  შესაძლებელი იყო მისთვის ბრალი არ წაეყენებინათ, რადგან დავით გერლიანი  პოლიტიკურად დევნილია და მას უკრაინის სახელმწიფო დევნის. ადვოკატი ბრალდებულისთვის პატიმრობის ნაცვლად 50 000  ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

მისივე თქმით, თავად დაკავებული „ქურდული სამყაროს” წევრობას უარყოფს და აცხადებს, რომ უკრაინიდან მისი საქართველოში გამოგზავნა „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიერ დადგმული სცენარით  მოხდა.

მეტიც, დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას ინფორმაციით, უკრაინაში დაკავების შემდეგ მან ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის საუბარი მოისმინა, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში არჩევნებამდე ე.წ. კანონიერი ქურდების გამოშვებით საბოტაჟის მოწყობას აპირებენ. ამის შესახებ ბრალდებულმა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე გამართულ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„როცა ადამიანს დეპორტაციას უკეთებენ, უნდა იყოს წარდგენილი მეორე ქვეყნისთვის საჭირო დოკუმენტაცია, რაც ჩემს შემთხვევაში არ მომხდარა. მე გამიტაცეს რესტორნიდან და ჩამსვეს თვითმფრინავში. მაინტერესებს, თუ გივი თარგამაძემ იცოდა, რომ  დანაშაული მქონდა ჩადენილი და საქართველოში მოვდიოდი, რატომ არ შეატყობინა ეს თუნდაც პოლიციას. მგონი ეს მსუბუქი დანაშაულია, რომელიც მან ჩაიდინა. გარდა ამისა, სანამ თვითმფრინავში ჩამსვავდნენ, გავიგონე გია ლორთქიფანიძის (ოდესის პოლიციის უფროსი) საუბარი, რომ არჩევნებამდე, 223-ე მუხლს (ქურდული სამყაროს წევრობა) მისადაგებული ადამიანები კიდევ უნდა გაუშვან საქართველოში და მოაწყონ საბოტაჟი,“ – აღნიშნა   გერლიანმა.

მისივე ცნობით, ის მხატვარია და ევროპის ქვეყნებში დადის პეიზაჟების დასახატად. ამასთან, უკვირს, როგორ მოხდა მისი დეპორტაცია საკუთარი ქვეყნიდან, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა.

პროვოკაციად შეაფასა ამ ამბავთან დაკავშირებული მოვლენები შს მინისტრმა. გიორგი მღებრიშვილის თქმით, „ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია და ვერავინ შემაცვლევინებს ამაზე აზრს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იყო გამოძევება თუ გამოდეპორტირება, ქართული მხარე უნდა ყოფილიყო საქმის კურსში. გერლიანის შემთხვევაში, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ წარმოებდა, შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა აღრიცხვაზე დაყენებული გამშვებ პუნქტზე. ამასთან, ის შემოვიდა სხვა გვარით“.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დავით  გერლიანი მეტსახელად „სვანი“, რომელიც 18 ივნისს ოდესიდან გამოაძევეს და რომელმაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს საზღვარი ისე გადმოკვეთა და აეროპორტი ისე დატოვა, რომ არ დაუკავებიათ,  22 ივნისს, ოთხშაბათს,  საქართველო-სომხეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს.

44 წლის დავით გერლიანი უკრაინაში, ოდესაში შაბათს, 18 ივნისს ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ოდესის პოლიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, რომელსაც თან ახლდა ვიდეო-კადრები თუ როგორ გამოუშვეს გერლიანი საქართველოში.

საქართველოს აეროპორტში გერლიანის უპრობლემო შემოსვლისა და მის მიერ აეროპორტის დატოვების შესახებ კი კადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი აეროპორტში იმის გამო მივიდნენ, რომ „ქურდის“ დაკავება გადაეღოთ, რაც არ მომხდარა.

აღსანიშნავია, რომ კანონიერი ქურდობა – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

რაც შეეხება გერლიანს,  კანონიერ ქურდობას ერთ-ერთ ვიდეოში,  2015 წლის ოქტომბერში, რუსეთის პოლიციაში დაკითხვის დროს, ის თავად  ადასტურებს.