levan_izoriaთავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის დროს გაუქმებულ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. განცხადება მედიასთან შეხვედრაზე ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში გააკეთა. პასუხად ექსმინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ იზორიამ საზოგადოება მოატყუა.

„თქვენ უბრალოდ მოატყუეთ საზოგადოება, ვინაიდან ჩემი გადადგომის პირველივე დღეს ზუსტად იცოდით, რომ გაწვევას დააბრუნებდით, მაგრამ საარჩევნოდ შეგეშინდათ,“ – წერს ხიდაშელი „ფეისბუქზე“.

თავდაცვის ექსმინისტრმა სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ ბრძანებას ხელი 27 ივნისს მოაწერა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე რესპუბლიკური პარტიის სახელით საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვებოდა. ამ ბრძანებთ ცვლილება სამხედრო მოსამსახურეთა მხოლოდ იმ 25%-ს შეეხება, რომელსაც ჯარში აქამდე თავდაცვის სამინისტრო იწვევდა. ხოლო დანარჩენ 75%-ზე, რომელსაც შსს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი იწვევს, ცვლილება არ გავრცელდება.

მაშინ ხიდაშელის ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდისგან კრიტიკის საგანი გახდა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო პრემიერისა და პრეზიდენტისთვისაც. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს საკითხი მთავრობის დასტურს საჭიროებს და, ასევე, უშიშროების საბჭომაც უნდა განიხილოს. მსგავსი მოსაზრება გამოთქვა პრეზიდენტმაც.

მაშინ, ივლისში ახლადდანიშნულმა ლევან იზორია განაცხადა, რომ სავალდებულო გაწვევის აღდგენა-არაღდგენაზე კონსულტაციების შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას.

ახლა კი თავდაცვის მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკვე არსებობს და  სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგება.

„კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე, ასევე მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება“, – ნათქვამია მინისტრის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში.

ექსმინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ გაწვევის არსებული ფრომა უსამართლოა და „ფეისბუქში“ ვრცელ საპასუხო პოსტს აქვეყნებს.

ხიდაშელის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრისას – „უფრო ეკონომიურია” ძალიან სუსტი და არასერიოზული არგუმენტია; გარდა ამისა, გაწვევის იმ ფორმას, რომელიც საქართველოში მოქმედებს, რამდენიმე ფუნდამენტური, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან არათავსებადი პრობლემა აქვს. კერძოდ, ის სუბიექტურია და სოციალურად უსამართლოა; ის ადამიანის შრომის გამოყენებას გულისხმობს ანაზღაურების გარეშე; ის ახალგაზრდის იძულებაზეა და გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მოძალადედ აქცევს, საზოგადოების ინტერესებისთვის შედეგი არ მოაქვს.

ექსმინისტრი წერს იმასაც, რომ ადამიანებს სამსახურის შოვნა უჭირთ და თუ პოულობენ მასთან განშორება სიკვდილის ტოლფასია, მათ კი სახელმწიფო აიძულებს ძლივს ნაშოვნ სამსახურს დაემშვიდობონ 50 ლარად;

„ამ ახალგაზრდებს კრედიტები აქვთ, რომელსაც იმ ახლადნაშოვნი სამსახურით ფარავენ — თქვენ აიძულებთ მათ უპერსპექტივო ვალის, მუდმივად მზარდი პროცენტის, და დაკარგული სამსახურის პირისპირ დადგნენ;

სავალდებულო სამსახურისთვის თავის აცილების მიზნით, ახალგაზრდები არ ამთავრებენ სასწავლებლებს, გამოცდას იტოვებენ, კურსზე რჩებიან,  თქვენ ართმევთ მათ ნორმალური, ბუნებრივი განვითარების შესაძლებობას…“ – წერია ხიდაშელის წერილში.