დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებთ, დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების შეფასების კრიტერიუმებში ხანდაზმულობის გათვალისწინების საკითხი განიხილება.

როგორც DFWatch-ს მინისტრმა უთხრა, ამ ეტაპზე ყველა დევნილი ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას 1,9 მილიარდი დაჭირდება, რაც საკმაოდ დიდი თანხაა, ამიტომ მიმდინარეობს ეტაპობრივი დაკმაყოფილება, შესაბამისი კრიტერიუმებით.

„ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად ხდება. თითოეულ ოჯახს ენიჭება ქულა, რაც ფართის გადაცემის რიგითობას განსაზღვრავს. ქულა ენიჭებათ იმის მიხედვით, თუ ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი წევრი, იძულებით გადაადგილებული ოჯახის წევრი არის შშმ პირი ან ონკოლოგიური ავადმყოფი და სხვა.

„ქულები ასევე ენიჭება დევნილ ოჯახს, რომლის წევრიც გარდაიცვალა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ან ითვლება უგზო-კვლოდ დაკარგულად. განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, ქულა ენიჭება ოჯახს, რომლის წევრიც არის ომის ვეტერანი. თუმცა ამ კატეგორიაში ბევრი ისეთი ადამიანი ვერ ხვდება, რომლებიც წლებია ბინის მიღებას ელოდებიან. გამომდინარე აქედან ალბათ სამართლიანია მათი მოთხოვნა, ყურადღება მიექცეს დევნილობის ხანდაზმულობას, ამიტომ ეს საკითხი განიხილება. შესაბამისად, ის, ვინც სიებში ამჟამად ძველი კრიტერიუმებითაა შესული, ახალი კრიტერიუმის დამატების შემთხვევაში შეიძლება იქიდან ამოვარდეს და მისი ბინით დაკმაყოფილების ვადამ გადაიწიოს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე განიხილება გალში მცხოვრები დევნილების საკითხიც, თუმცა ეს შედარებით რთული თემაა, ამიტომ ხაზგასმით პასუხის გაცემა უჭირს.

„ვფლობთ ინფორმაციას გალში მცხოვრები დევნილების თაობაზე, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი პირობების შემოწმება და შეფასება ვერ ხერხდება, ეს საკითხი ჯერ ისევ ღიაა, თუმცა აუცილებლად განვიხილავთ ყველა პრობლემას, რომელიც დევნილებს აწუხებს“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ამჯამად არსებული შეფასების კრიტერიუმებით, გალში მცხოვრები დევნილები, ბინებს ვერ ღებულობენ.
ცნობისთვის, 150-მდე დევნილმა, რამდენიმე დღის წინ, სამშენებლო კომპანია „დირსის“ კორპუსი დაიკავა. ისინი სამინისტროსგან ბინების დაკანონებას ითხოვენ.