Election in Abkhazia5 ათასიდან დაწყებული 200 ათასით დამთავრებული – საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების გეგმები ახალი სამუშაო ადგილების შექმნის რაოდენობასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალფეროვანი, თამამი და, ერთი შეხედვით, მიმზიდველია.

2017 წელსვე 18 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“. ჯამში, „ოცნების“ ხედვით, 4 წლის განმავლობაში გაჩნდება დამატებით 200 000 სამუშაო ადგილი. პერსპექტივა საკმაოდ მომხიბვლელია, თუმცა მკითხველი იძულებულია მხოლოდ პარტიის პირობასა და გეგმების მოკლე ჩამონათვალს დასჯერდეს, რადგან უფრო მეტ ინფორმაციას მმართველი პარტია მას არ სთავაზობს.

დასაქმების საკითხს საკუთარ პროგრამაში „ნაციონალური მოძრაობაც“  საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს.  მიკრომეწარმეთა დაუბეგრავი ბრუნვის მაჩვენებლის 3-ჯერ, ხოლო მცირე მეწარმეთა შეღავათიანად დასაბეგრი ბრუნვის – 2-ჯერ გაზრდას, პარტიის აზრით, შედეგად მოჰყვება ეკონომიკის გააქტიურება და სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდა.

პარტია 2017 წელსვე 45000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნის პირობას დებს, ხოლო, სულ, 2020 წლისთვის დასაქმდება 135000 ადამიანი.

„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ ერთადერთი პარტიაა რომელიც ამომრჩევლებს უმუშევრობის შემწეობას ჰპირდება. კერძოდ, უმუშევრები მიიღებენ კომპენსაციას ექვსი თვის განმავლობაში. სავალდებულო პირობები, განაკვეთები და სხვა დეტალები პარტიის პროგრამაში ნახსენები არაა.

რესპუბლიკურ პარტია,  სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, გეგმავს მიკრობიზნესის განვითარებას, რისთვისაც მოქალაქეებს სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებას ჰპირდება, სახელწოდებით „დამწყებთათვის რეგიონში“ (წლიურად 60 მლნ. ლარი). ამ გზით, „რესპუბლიკელებს“ განსაზღვრული აქვს წელიწადში 15 000 სამუშაო ადგილის შექმნა. ხოლო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობის პროექტების ამუშავებით (წლიურად 200 მლნ ლარი), პარტია გეგმავს წელიწადში 20 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. ჯამში, 4 წელიწადში, პარტია 140 000 ადამიანის დასაქმებას აპირებს, რაც საკმაოდ თამამი დაპირებაა.

„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო პროგრამაში დასაქმების სტრატეგია ცალკე თავად არაა გამოყოფილი, თუმცა ის ფართოდაა განხილული პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის კონტექსტში. პარტია, ცოტა არ იყოს, გადამეტებულად გაბედული ინიციატივებით გამოდის შრომის ბაზრის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების – საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის რეფორმის სფეროში, ასახელებს რა კონკრეტულ სამიზნე რიცხობრივ ინდიკატორებს: 250 და 300 ლარს, შესაბამისად.