გალელები აცხადებენ, რომ წელს ფაროსანას რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, თუმცა გამრავლების ალბათობა ჯერ კიდევ არსებობს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, წინა წლებში ამ დროს ბევრად მეტი მავნებელი  შეინიშნებოდა.

„შედარებით ნაკლებია, თითქმის აქა-იქ, მაგრამ გარანტია იმის, რომ ისევ არ გამრავლდება, არ არსებობს. დაახლოებით ერთ თვეში უწევს გამოჩეკვა, ჩვენ კი მხოლოდ ფაროსანად საწინააღმდეგო პრეპარატებს ვიყენებთ, ფაროსანას კვერცხის საწინააღმდეგო წამალი კი იმდენად ძვირია, მოსახლეობა ყიდვას ვერ ახერხებს. კერძოდ, 1 ლიტრი წამალი 45 ლარამდე ღირს და თხილის დაახლოებით 350-მდე ძირს ჰყოფნის. ერთი-ორმა რომც იყიდოს, შედეგი ვერ ექნება, რადგან მასიური შეწამვლაა საჭირო. მე რომც ვიყიდო, მეზობლისგან მაინც გამრავლდება“, – განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

მათივე თქმით, თხილის მოსავალი, სწორედ ამ პერიოდის გამრავლებაზე იქნება დამოკიდებული.

„თუ ერთ თვეში რაოდენობა არ გაიზრდება, რისი შანსიც ალბათ ცოტაა, შეიძლება თხილის მოსავალიც გაუმჯობესდეს, მაგრამ თუ რაოდენობა გაიზარდა, იგივე სიტუაცია იქნება და მოსავალს ვერ მივიღებთ. კარგი იქნება იყოს შეწამვლის რესურსი, რათა მავნებლის კვერცხები განადგურდეს, მაგრამ ამას ვერ ვწვდებით. ფაქტი, რომ ახლა ძალიან ცოტაა, თავისთავად უკვე კარგია და ძალიან გვინდა ასე იყოს ერთი თვის მერეც“, – აღნიშნავენ ადგილობრივები.

შეგახსენებთ, რომ აფხაზურმა მხარემ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ფაროსანას შესაწამლი საშუალების შეტანა აკრძალა. აფხაზი „მესაზღვრეები“ ხალხს წამალს ენგურის ხიდზე ართმევენ და 500 მანეთით აჯარიმებენ, გალის ბაზარში კი ფასი ბევრად მაღალია.