გალელ მასწავლებლებს ზუგდიდიდან 30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი გაუგზავნეს იმ პირობით, რომ 19 მაისის არჩევნებზე ხმას “ქართული ოცნების” კანდიდატს მისცემენ. ამის შესახებ DFWatch-ს ერთ-ერთმა პედაგოგმა უთხრა.

მისი თქმით, გზავნილის მისაღებად გალის რაიონის სკოლის დირექტორები ზუგდიდში  დაიბარეს.

“დირექტორებს გადასცეს თითო მასწავლებელზე 1 ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი და 30-30 ლარი. ამასთან, გააფრთხილეს, რომ ამაზე არავისთან არ უნდა ისაუბრონ და არჩევნებზე აუცილებლად გამოცხადდნენ“, – აცხადებენ ადგილობრივები.

დირექტორებს წარმოადგენინეს თანამშრომელთა სრული სია, შესაბამისად, მასწავლებლები ვარაუდობენ, რომ საარჩევნო უბანზე მათი აღრიცხვა მოხდება.

„აუცილებლად მოგვიწევს წასვლა არჩევნებზე. დიდი ალბათობით, სიის მიხედვით გაგვაკონტროლებენ, გამოვცხადდებით თუ არა“,  –  განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთი სკოლის თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

მმართველ პარტიას გიორგი შენგელია წარმოადგენს, გაერთიანებული ოპოზიციიდან კი მას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ცოლი, სანდრა რულოვსი დაუპირისპირდება.