ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში.

გალის რაიონის სკოლებში, სასწავლო პროცესის სკოლებში განახლება 10 თებერვლამდე გადაიდო,  დირექტორებმა სოხუმიდან სწავლის დისტანციურად განახლების დავალება მიიღეს.

 „სწავლის პროცესი 11 იანვარს უნდა განახლებულიყო, თუმცა ვერ განახლდა. ამის შემდეგ გალში დირექტორების თათბირი გაიმართა, სადაც დავალება გაიცა, სწავლა დისტანციურად დავიწყოთ. სკოლებში სწავლის განახლება კი ოფიციალურად 10 თებერვლიდან იგეგმება, თუმცა ამას ალბათ ვირუსის მაჩვენებელი გადაწყვეტს“, – უთხრა DFWatch-ს გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლის 54 წლის მასწავლებელმა.

აღსანიშნავია, რომ გალის იმ სკოლებში, სადაც ქართული ენა ჯერ კიდევ ისწავლება, დისტანციური სწავლება თავად მასწავლებლების ინიციატივით უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს.

„მიუხედავად დაბრკოლებებისა, რაც ელექტროენერგიის არასტაბილურ გრაფიკს, ტექნიკასა და ინტერნეტს უკავშირდება, სასწავლო წლის სრულ ჩავარდნას, ვარჩიეთ არსებული რესურსი გამოგვეყენებია. დავიწყეთ დისტანციური სწავლება, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი (დე ფაქტო) განათლების სამინისტროსგან არ ყოფილა დავალება. ზოგმა ტელეფონი შეიძინა, ინტერნეტით უზრულველყოფის წყაროები მოიძიეს და მოსწავლეთა საკმაოდ დიდი ნაწილი, აქტიურადაა ონლაინსწავლებაში ჩართული“, – აცხადებს 54 წლის ქალბატონი.

ცნობისთვის, გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში ამჟამად 30 სკოლაა.