შემოსავლის წყაროს დაკარგვამ გალის მოსახლეობა ისევ არალეგალურ ბიზნესში დააბრუნა. საქმე ეხება სიგარეტით ვაჭრობას, რომელიც წლების წინ საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, შემდეგ პრაქტიკულად მოისპო, დღეს კი ისევ აქტუალური გახდა. ამის მიზეზად გალელები გაჭირვებას ასახელებენ.

„თავის დროზე ამ ბიზნესით აქ ბევრი იყო დაკავებული, თუმცა გახშირებუმა დაკავებებმა და საკმაოდ მაღალმა ჯარიმამ, ბევრი მათგანი შეაჩერა. დღეს კი ზოგი იძულებით, ზოგიც კი ნებით ისევ დაუბრუნდა ამ საქმეს. მიზეზი გაჭირვებაა. ადგილზე ყველანაირი შემოსავალი გაქრა, სიგარეტის ბიზნესი კი საკმაოდ დიდ მოგებას ტოვებს. მხოლოდ ერთი კოლოფი სიგარეტი სულ მცირე 1,5 ლარს ტოვებს მოგებას, ამიტომ ხალხს უღირს რისკზე წასვლა,“ – უთხრა DFWatch-ს გალის რაიონის მკვირდმა ბ.ლ.-მ.

მათივე თქმით, „საზღვარზე“ არალეგალური სიგარეტის ბიზნესს საკმაოდ მკაცრად აკონტროლებენ და პროდუქციის წარმატებულად გადატანა გამართლებაზეა.

„ხიდს რომ გაცდები, ყველას ამოწმებენ. თუ ერთხელ მაინც ხარ შემჩნეული, მეორე შანსი თითქის აღარ გაქვს. ყველა სხვადასხვა ხერხს იყენებს, რათა დაკავებას გადაურჩეს. თუ დაგაკავეს, ჯარიმას სიგარეტის რაოდენობა განსაზღვრავს. სასამართლო წყვეტს საბოლოოდ რა ბედი გელის, არის შემთხვევები, როცა ითვალისწინებენ გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობას, ზოგჯერ კი საკმაოდ მაღალ ჯარიმას აკისრებენ,“ – აღნიშნავს გ.ბ.

ერთ-ერთი დაკავებული იმასაც ამბობს, რომ სასამართლომ ჯარიმის გარეშე გაათავისუფლა.

„სამი შვილის დედა ვარ, ყველანაირი საზრუნავი მე მაწევს ზურგზე. სოფელში შემოსავალი თხილი გვქონდა და ახლა ეგეც აღარ არის. სხვა სახის სამუშაო აქ არაფერია, ამიტომ როცა ბავშვების სკოლაში გაშვების დრო დადგა, სხვა გზა რომ ვერაფერი ვიპოვე, ამ ხერხს მივმართე. 20 ლარი მრჩებოდა მოგება, მაგრამ დამაკავეს. მინდოდა ბავშვებისთვის რამე მაინც მეყიდა ახალი და სკოლაში ისე წასულიყვნენ. ყველამ ვიცით, როგორ უხარიათ ბავშვებს პირველ სექტემბერს ყველა გაპრანჭული რომ მიდის. მოსამართლესაც გულწრფელად მოვუყევი ყველაფერი და მანაც გაითვალისწინა ჩემი მდგომარეობა. 1000-ლარიანი ჯარიმა მელოდა, წარმოდგენაც არ მინდა, როგორ უნდა გადამეხადა. შიშის და სტრესის ქვეშ ვიყავი. ამის კეთება არავის სიამოვნებს,“ – უთხრა DFWatch 29 წლის დ.გ.-მ.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნულ ბიზნესში ადგილობრივი ჩინოსნებიც არიან ჩართულნი, დაკავების დროს კი ქართველი სამართალდამცავები საკმაოდ უხეშად იქცევიან.

ცნობისთვის, დაკავების შემთხვევაში პირს პირველ ჯერზე პროდუქციის კონფისკაცია და ადმინისტაციული ჯარიმა ელის. ამ უკანასკნელს მოსამართლე წყვეტს და ის ათასიდან ორი ათას ლარამდეა. განმეორების შემთხვევაში კი ყოველ ჯერზე კი სანქცია ითვალისწინებს კონფისკაციას, 10 000-ლარიან ჯარიმას ან 15 დღიან პატიმრობას.