ენგურის ხიდზე, გალის მხარეს დგანან აბიტურიენტები, რომლებიც ზუგდიდისკენ ვერ გადმოდიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც DFWatch-ს კურსდამთავრებულებმა განუცხადეს, ისინი იმედოვნებენ რომ გამონაკლისის სახით მიეცემათ საშუალება დატოვონ ტერიტორია, რათა შეძლონ მონაწილეობის მიღება ერთიან ეროვნულ გამოცდებში.

„მოულოდნელი იყო ჩაკეტვა, ვინც მოასწრო, გუშინ გადავიდა, დღეს კი ახლა მივდივართ, იმედი გვაქვს, რომ გამონაკლისს დაუშვებენ, თორემ გამოცდებზე გასვლას ვერ შევძლებთ“.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, განათლების სამინისტროსთან ერთად, ყველაფერი გაკეთდება, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე.

„ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ახალგაზრდების გადაადგილებას უკავშირდება, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. ჩვენ განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს  სასწავლებლებში წვდომაზე.  მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო, რომ ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომაც, განსაზღვრული იქნება მათი ინტერესების მიხედვით და მათ დასახმარებლად მაქსიმალურს გავაკეთებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.