გალის ქართველ მოსახლეობის ნაწილს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სურს, თუმცა თავშესაფრის არქონის გამო, ამას ვერ ახერხებენ. ამის მთავარი მიზეზი გადაადგილების შეზღუდვა და სკოლებში ქართული სწავლების აკრძალვაა. მიიჩნევენ, რომ მათ შვილებს აქ მომავალი არა აქვთ.

„ორი შვილი მყავს სკოლის მოსწავლე. აქ არც ქართული სწავლებაა სრულყოფილად და არც რუსული. ქართულად რომ ასწავლონ, მუდმივი კონტროლის რეჟიმში მყოფი კომისიების შიშით ვერ ბედავენ, რუსული განათლება კი მხოლოდ რუსულის მასწავლებლებს აქვთ. როგორ შეიძლება დაწყებით კლასებში რუსულად ასწავლოს ბავშვს მასწავლებელმა, რომელმაც თავადაც არ იცის რუსული?! აქ იმის გამო ვიყავით, რომ მიწა მოსავალს გვაძლევდა, იქით კი გვეგონა მთავრობა ერთ დღესაც დაგვაკმაყოფილებდა ბინით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამის იმედი არ უნდა გვქონდეს. მე არ მაქვს ენგურს გაღმა დროებითი თავშესაფარი. მრავალშვილიანის შემწეობა ვითხოვე და სამი არ ითვლება, მეოთხე შვილი გააჩინეო. აქ ვერ ვჩერდებით და იქაც წასასვლელი არსად მაქვს. ავდგე, მივატოვო აქაურობა და იქ ქუჩაში დამრჩეს სამი შვილი? ასე ვერ მოვიქცევი. იძლებული ვხდებით შვილების განათლება დავთმოთ“, – უთხრა DFWatch -ს სოფელ თაგილონის მკვიდრმა კ.ჯ.-მ.

იგივეს ამბობენ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული გალელებიც.

„ბათუმში ვმუშაობდი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს და ბინას ველოდებოდით. კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებთო, ქულები არ გყოფნითო, ბინა ვერ მივიღეთ. იძულებული გავხდი გალში წამომეყვანა ბავშვები, მე კი პოლონეთში წამოვედი სამუშაოდ. ქირა და მუშაობა საქართველოში მხოლოდ ერთით მეორის გადახდაა, ოჯახს ამით ვერ არჩენ“, – აცხადებს ლ.ბ.

არიან ისეთები, ვინც რაიონს ოჯახის მხცოვანი წევრების გამო ვერ ტოვებს.

„საერთოსაცხოვრებელში ვცხოვრობდით ზუგდიდში, ბებია და ბაბუა ვერ გავაჩერეთ იქ, ასაკიანები არიან და მარტოც ვერ გამოვუშვით, ამიტომ დღემდე გალში ვცხოვრობთ. ჩვენი საცხოვრებელი კორპუსიდან ყველას გადაეცა საკუთრებაში ბინები, ჩვენ კი ადგილზე ფაქტობრივად არყოფნის გამო ამოვვარდით სიიდან. არავინ იცის, აქ რამდენ ხანს იქნება ცხოვრება შესაძლებელი. ბებია, რომელიც დაჟინებით ითხოვდა სახლში დაბრუნებას, ახლა ცუდად რომ გახდეს, ზუგდიდში ვერ გადავიყვანთ, რადგან საბუთი არ აქვს. წითელი (საბჭოთა) პასპორტი გაუქმდა, ე.წ. ბინადრობის უფლებას ვერ აიღებს, რადგან იმ საბუთებს ვერ ვუყრით თავს, რასაც ითხოვენ. ჩვენ საბუთებს ამბობენ, რომ იანვრიდან გაუვა ვადა, ამის მერე გადაადგილება საერთოდ შეუძლებელი იქნება. როგორ უნდა მოვიქცეთ, ნებისმიერ დროს შეიძლება მოგვიწიოს სახლის დატოვება, მერე სად წავიდეთ? არც საერთო საცხოვრებელში დაგვიტოვეს ფართი და არც ბინა მოგვცეს,“ – აცხადებს გ.ლ.

შეგახსენებთ, რომ როგორც რამდენიმე დღის წინ DFWatch-ს დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა უთხრა, ის დევნილები, რომელთა ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრება ვერ მოწმდება, სამინისტროსგან ბინას ვერ მიიღებენ.

„თუ ფაქტობრივი საცხოვრებელი ექნება გალში, ბუნებრივია, გალში ვერ გადავალთ, იქ ვერ ვნახავთ, ვერ შევამოწმებთ, ამიტომ [ეს კონტინგენტი] თავისთავად ამოვარდება. ის, ვინც გალში ცხოვრობს, თავის სახლში, ისინი ბუნებრივია ამ პროგრამაში ასე ვერ მოხვდებიან, თუმცა ძალიან ბევრი, ვინც თუნდაც სეზონურად გადადის გალში, ასეთი ყველა ხვდება. ჩვენ ბინას ვაძლევთ იმ ადამიანებს, ვისაც ამის საჭიროება აქვს, თუ ადამიანი აქ არ ცხოვრობს, ბინის საჭიროება აქვს თუ არა, როგორ უნდა დავადგინოთ?!“ – განაცხადა დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ.