გალის მოსახლეობა, ე.წ. საზღვრის გახსნას ორშაბათს ელოდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არავისთვისაა ცნობილი. როგორც ადგილობრივები DFWatch-თან საუბარში აცხადებენ, ახლა შეზღუდვა მხოლოდ გალიდან გადმომსვლელ 18-დან 60 წლამდე კაცებზეა დარჩენილი.

„არ ვიცი რა კრიტერიუმით შეარჩიეს, მაგრამ შეზღუდვა მარტო კაცებზე დარჩა, ისიც კონკრეტული ასაკის ადამიანებზე. სხვას ყველას თავისუფლად ატარებენ იქითაც და აქეთაც. ჯერ ითქვა 14-ში გაიხსნებაო, დღეს არ გაიხსნა, ახლა ხვალო. სხვა რა გზა გვაქვს, ველოდებით“, – გვითხრა ერთმა ადგილობრივმა.

რამდენიმე გალელი, რომელთაც DFWatch ამ საკითხზე ესაუბრა, ამბობს, რომ „საზღვარზე“ შეზღუდვების დაწესებისთანავე შეწყდა ე.წ. ვიზების გაცემაც, შესაბამისად, აფხაზეთში სტუმრად წამსვლელებსაც ჩაეკეტათ გზა.

„ვიზების გაცემა მაშინვე შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვა მხოლოდ კაცებზე დარჩა, გაცემა ჯერ არ განახლებულა. გვეუბნებიან, ვისაც ჩაბარებული აქვს საბუთები, შეზღუდვების სრულად მოხსნისთანავე მიიღებს ვიზასო. ახალ საბუთებს ჩაიბარებენ თუ არა, ჯერ უცნობია“.

შეგახსენებთ, რომ ენგურის ხიდი ანტისაოკუპაციო აქციების მოტივით 28 ივნისს დაიკეტა.

რაც შეეხება ე.წ. ვიზას, ამ ეტაპზე, გალის რაიონში მოსახვედრად ენგურს გამოღმა მცხოვრებთათვის, ვისაც აფხაზეთის ტერიტორიაზე აღიარებული სხვა საბუთი (ე.წ. ვიდ ნა ჟიტელსტვა) არ გააჩნია, “ვიზა” ერთადერთი საშუალებაა.

ამ საბუთის მფლობელებს, რუსი მესაზღვრეები პასპორტში საზღვრის გადაკვეთის ბეჭედს უსვამენ.

გალში ყოფნის უფლება, მხოლოდ „ვიზით“ განსაზღვრულ ვადაშია შესაძლებელი, დროზე ადრე ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში კი უკან დაბრუნება შეუძლებელია. გარდა ამისა, ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელია 10-დღიანი ვიზის ისევ 10 დღით ან ერთი თვით გაგრძელება. „ვიზის“ მფლობელებს, გადაადგილების უფლება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე აქვთ.