საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ სოხუმსა და ცხინვალს „ახალ სამშვიდობო ინიციატივას“ სთავაზობს, რომელიც ძირითადად აფხაზებისა და ოსებისათვის ბიზნეს პროექტების წახალისებასა და გამყოფ ხაზებთან ვაჭრობას ეხება. ასევე დოკუმენტში საუბარია მათთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე და ევროპასთან უვიზო მიმოსვლისა თუ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით სარგებლობაზე.

„საქართველოს ხელისუფლება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას”, – 4 მარტს მთავრობის სხდომა ამ ახალი ინიციატივის წარდგენით დაწყო საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეს არის ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს და ესენია:

პირველი – გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მეორე – ეს გახლავთ ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. ეს არის სწორედ ის თაობა, რომელმაც უნდა იცხოვროს ერთად გაერთიანებულ საქართველოში და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობის პროცესში.

მესამე – გახლავთ ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე,რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

ახალი ინიციატივა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა წარადგინა და ძირითადი სიახლე ვაჭრობის გამარტივების საკითხს ეხება. დოკუმენტში საუბარია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში წარმოებული საქონლის გაყიდვა შესაძლებელი ხდება როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტოდაც. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს უფლება ეძლევათ მხოლოდ პირადი ნომრით დარეგისტრირდნენ მეწარმედ და საჭირო არ იქნება პროდუქციაზე მითითება „დამზადებულია საქართველოში“, უბრალოდ დაეწერება ქალაქის და ქუჩის მისამართი, ასევე ექნებათ საგადასახადო შეღავათები და თბილისში იმედი აქვთ, რომ ასეთ შემთხვევაში სეპარატისტული ხელისუფლებები ერთიან ვაჭრობაში ჩართვას დათანხმდებიან.

როგორც მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, შესაბამისი ცვლილებები შედის საგადასახადო კოდექსში.

„რეგისტრაცია მოხდება ელექტრონულად და ნებისმიერ პირს, მათ შორის პირადი ნომრით რეგისტრირებულ პირს, ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს სპეციალური საწარმოს სტატუსით, რომელსაც შეეძლება განახორციელოს სავაჭრო ოპერაციები გამყოფი ხაზების გასწვრივ საგადასახადო შეღავათებით,“- ამბობს ციხელაშვილი.

მისი თქმით, ასევე გათვალისწინებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განთავსება გამყოფი ხაზების გასწვრივ, ეს იქნება სპეციალური ეკონომიკური სივრცე, სადაც მოხდება ოკუპირებული რეგიონებიდან პროდუქციის შემოტანა და იქ განთავსდება სხვადასხვა ტიპის მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით. პირველ ეტაპზე ასეთი სივრცე განთავსდება სოფელ რუხში, სადაც სავაჭრო ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს.

სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების მხრიდან ჯერ საპასუხო განცხადებები ამ ინიციატივაზე არ გაკეთებულა.