ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლებში კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგების ნაკლებობაა. მიუხედავად ამისა, ბევრი ახალგაზრდა კადრი დასაქმებას ვერ ახერხებს.

25 წლის ლემა მეჰდიევამ, რომელმაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა, სამუშაო ვერსად ნახა: მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ისტორიის მასწავლებლის ვაკანსია ამჟამად არსად არის. „არის შემთხვევები, როცა ერთი და იგივე მასწავლებელი სკოლაში რამდენიმე საგანს ასწავლის, სკოლის დირექცია კი მალავს, რომ ვაკანსია აქვთ. ასაქმებენ მხოლოდ ნათესავებს და ახლობლებს. მე და ბევრი ჩემი მსგავსი ახალგაზრდა, რომლებმაც უნივერსიტეტი დავამთავრეთ და ამისთვის ბევრი სირთულეც გადავლახეთ, ახლა უმუშევრები ვართ და დასაქმების პერსპექტივა ახლო მომავალშიც არ გვაქვს. სკოლებში ბევრი პენსიონერი მასწავლებელია, მაგრამ მათ სამსახურიდან წასვლა არ უნდათ. ჩემი სოფლის სკოლაში რამდენიმე ისეთი პედაგოგია, ჩემს მშობლებსაც რომ ასწავლიდა,” – ამბობს ლემა.

კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგების ნაკლებობა, რაც საქართველოს  ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის უკვე დიდი ხნის პრობლემაა, განსაკუთრებით მკვეთრად ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში იგრძნობა. ქვემო ქართლში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ეთნიკური აზერბაიჯანელია, 1153 მასწავლებელი 61 წელს გადაცილებულია. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის 2015 წლის ანგარიშის თანახმად, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში დასაქმებულ მასწავლებელთა 58,6%  50 წელზე მეტი ხნისაა, 16,5% –  35 წლამდე ასაკის, 30% კი პენსიონერია. არაქართულენოვან სკოლებში ამჟამად დასაქმებული 36 მასწავლებელი 1923-1930 წლებშია დაბადებული. მათგან 31 ქვემო ქართლში მუშაობს.

72 წლის ჰუსეინ აბდულრაჰმანოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში ასწავლის. ამბობს, რომ იძულებულია იმუშაოს, რადგან მხოლოდ მისი პენსია ოჯახს თავის სარჩენად არ ჰყოფნის: „კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ პენსიაში გასვლის შემდეგაც ვიმუშავოთ და ხელფასთან ერთად პენსიაც ავიღოთ. არ ვიმუშავებდი, ოჯახს ჩემი პენსია რომ არ სჭირდებოდეს. ასაკში ვარ, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ბევრი ჩემი თანატოლის მსგავსად მეც სახლში სიამოვნებით ვიჯდებოდი. ჯერ ერთი, არ მინდა შვილებს დავაწვე კისერზე და მეორეც: ჩემი შვილები უმუშევრები არიან და ვცდილობ, იქეთ დავეხმარო. რა ვქნა, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე მუშაობა მომიწევს.”

ჰუმბეთ სულეიმანოვი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ  ყულარის სკოლის დირექტორია, აცხადებს, რომ როცა სკოლაში ვაკანსია არის, მარნეულის რესურსცენტრი ამის შესახებ განცხადებას მაშინვე აქვეყნებს: „ახლობლობით და ნაცნობობით არავის ვასაქმებთ. ვაკანსია ყოველთვის ქვეყნდება. პრობლემა ის არის, რომ ახალგაზრდებს დაბალი ხელფასის გამო მასწავლებლად მუშაობა არ უნდათ.”

ალი მამამდოვი მე-10 კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ მის სკოლაში არცერთი ახალგაზრდა მასწავლებელი არ არის: „ახალი სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი ორენოვანია და ნებისმიერი საგნის მასწავლებელმა უნდა იცოდეს ქართული, რომ გაკვეთილი სათანადოდ ახსნას. მთავარი პრობლემა ის არის, რომ საშუალო ასაკის და ასაკოვანმა მასწავლებლებმა ქართული არ იციან,  ახალგაზრდები კი, რომლებმაც ახლა დაამთავრეს უმაღლესი, ქართულად ჩვეულებრივ ლაპარაკობენ და წერენ.”

ჰუმბეთ სულეიმანოვი აღიარებს, რომ ბევრმა მასწავლებელმა ქართული ენა კარგად მართლაც არ იცის: „ეს პრობლემა ნამდვილად გვაქვს. მაგრამ კვირაში რამდენჯერმე სკოლაში ქართული ენის პედაგოგი მოდის და ჩვენს მასწავლებლებს ქართულ ენაში ამეცადინებს. ეს სახლემწიფო პროგრამაა, ძალიან საჭირო და სასარგებლო. ქართულის მასწავლებელი ეროვნებით ქართველი გვყავს. ამიტომ ამ მხრივ სერიოზული პრობლემა არ გვაქვს. ჩვენი მოსწავლეები განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ სხვადასხვა საგნის ოლიმპიადებში მონაწილეობენ და ბევრი სიგელიც დაიმსახურეს.”

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტრო ქვემო ქართლში პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების  და განათლების სფეროში ახალი კადრების მოზიდვის მიზნით სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს. კერძოდ, 2016 წლიდან  მასწავლებელთა პროფესიული  განვითარების ეროვნული ცენტრი ეთნიკური უმცირესობების სკოლების პედაგოგებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამას ატარებს. პროგრამის  ფარგლებში, ქვემო ქართლში არაერთი კონსულტანტ-მასწავლებელი, დამხმარე მასწავლებელი და ორენოვანი მასწავლებელი გაიგზავნა. ეთნიკური აზერბაიჯანელი პედაგოგებისთვის ქართული ენის ტრენინგებს დამხმარე მასწავლებლები ატარებენ. ოფიციალური ინფორმაციით, ამ პროგრამაში ჩართულია არაქართული სკოლების 738 მასწავლებელი, აქედან 290 პედაგოგი A1 დონეზე, ხოლო  448 პედაგოგი A2 დონეზე.

რუსლან ჰაჯიევი.

მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რუსლან ხაჯიევი ამბობს, რომ ზოგიერთი სოფლის სკოლაში ერთი მასწავლებელი რამდენიმე საგანს მართლაც ასწავლის, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარია მონათესავე საგნებზე: „რამდენიმე სკოლაში არის ვაკანსია, მასწავლებელი კი არ გვყავს. ვაკანსიები ყოველ წელს ცხადდება, მაგრამ არავინ მოდის. ამის გამოა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ერთი მასწავლებელი ორ საგანს ასწავლის. ახლაგაზრდა კადრები ძალიან გვჭირდება. არ ყოფილა შემთხვევა, რომ სკოლაში გვქონოდა ვაკანსია და ამის შესახებ განცხადება არ გამოგვექნებინა. ეს სიცრუეა. არ იქნება გამართლებული, რომ მასწავლებელი ასაკის გამო გავათავისუფლოთ. ეს ასაკობრივი დისკრიმინაცია იქნებოდა. მითუმეტეს, კანონით ნებადართულია, რომ პენსიონერმა მასწავლებელმა იმუშაოს და ხელფასთან ერთად პენსიაც აიღოს.”

ხაჯიევის თქმით, პენსიონერ პედაგოგთა შორის ძალიან ბევრი წარმატებული, გამოცდილი და პროფესიონალი პედაგოგია.

ნურანა მამმადი

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდისეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა პოზიციას.