ოკუპირებულ აფხაზეთში ქაღალდის ფული დაბეჭდეს, რომელსაც “500 აპსარი” აწერია და მასზე პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული.

ე.წ. აფხაზეთის ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 500 აპსარის ნომინალის ბანკნოტის დამზადება საიუბილეოა და „1992-1993 წლებში აფხაზეთის სამამულო ომში გამარჯვების“ 25 წლისთავისადმია მიძღვნილი.

500 აპსარი – 5 ათასი რუსული რუბლის ეკვივალენტია (194 ლარი). ბანკნოტი 10 000-იანი ტირაჟით დაიბეჭდა და მიმოქცევაში 29 სექტემბერს ჩაეშვება. ბანკნოტის ზომა 150×65 მმ-ია.

კუპიურის ერთ მხარეს პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბაა გამოსახული, მეორეზე კი აფხაზი მებრძოლები, რომელთაც სეპარატისტული აფხაზური დროშა უჭირავთ. ფულზე ასევე გამოსახულია აფხაზეთის გერბი და რუკა. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

გარდა ამისა, დაანონსებულია, რომ ასევე “სამამულო ომში გამარჯვების” 25 წლის იუბილესთან დაკავშრებით მიმოქცევაში უნდა გამოვიდეს სამახსოვრო მონეტა „აიააირა 25“.

სამახსოვრო მონეტა  მზადდება 929-ე სინჯის ვერცხლისა და 929-ე სინჯის ოქროსაგან. დიამეტრი იქნება 60 მმ, წონა – 155 გრამი. „აიააირა 25“- 100 აფსარის (დაახლოებით 1 ათასი რუსული რუბლის) ღირებულების იქნება.

სოხუმის რეჟიმმა აპსარი ჯერ კიდევ 2008 წელს შემოიღო, თუმცა თავიდან მხოლოდ საიუბილეო მონეტები გამოდიოდა. კანონის თანახმად, აპსარი აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს, მაგრამ პრაქტიკაში არ გამოიყენება, რადგან მისი რეალური ღირებულება ნომინალურს მნიშვნელოვნად აღემატება. ძირითად ვალუტად ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ რუსული რუბლი რჩება.