ყოფილი ქართული სკოლა გალის რაიონის სოფელ სიდაში.

ზამთრის არდადეგების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში სასწავლო პროცესი განახლდა, მათ შორის გალში, თუმცა მასწავლებლების თქმით, ბავშვების ნახევრამდე გაკვეთილებზე არ მისულა, რასაც ორი მიზეზი აქვს.

„ერთი მიზეზი გავრცელებული ვირუსია, ზოგი უკვე ცუდად არის, ზოგიც ერიდება ვირუსს, ნაწილი კი ზამთრის არდადეგებზე ნათესავებთან „საზღვარს იქით“ იყო გადასული, ჩაკეტვის შემდეგ კი უკან ვერ დაბრუნდა“, – უთხრა DFWwatch-ს ადგილობრივმა მასწავლებელმა.

მასწავლებელი, რომელსაც სკოლის იდენტიფიცირფება არ სურს, ამბობს, რომ ასამდე მოსწავლიდან სკოლაში მხოლოდ სამოცამდე ბავშვი მივიდა.

„მოსწავლეთა თითქმის ნახევარი ვერ მოვიდა სკოლაში, ხოლო მოსულებიდან ვისაც რაიმე სიმპტომი აღმოჩნდება, უკან ვუშვებთ. სასწავლო პროცესი პარალიზებულია. მშობლებს წამლების ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ „საზღვრის“ ჩაკეტვის გამო, ამიტომ ბევრი უბრალოდ არ უშვებს ბავშვს სკოლაში. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, სასწავლო პროცესი დროებით ჩაიშალოს“, – აღნიშნავს მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ სოხუმის რეჟიმმა ე.წ. ღორის გრიპის გავრცელების გამო აფხაზეთის ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადა და ენგურის ცენტრალური ხიდიც ჩაკეტა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, გალის საავადმყოფოში ღორის გრიპის სიმპტომებით ამ ეტაპზე 8 ადამიანი მკურნალობს. ადგილობრივი ექიმის თქმით კი ეს აშკარად შემცირებული რიცხვია და დაავადებულთა რაოდენობა საგრძნობლად მეტია.