ნატა მაჩალიკაშვილი (IPN).

ალხაზ მაჩალიკაშვილის ქალიშვილი ნატა აცხადებს, რომ მამამისის წინააღმდეგ ბრალდების არ სჯერა. ამბობს, რო მამა და ბიძაშვილი 24 საათის განმავლობაში ერთად არიან, ამიტომ ასეთი საკითხების განხილვა რომ სდომოდათ, ამას ტელეფონით არ გააკეთებდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემის ხმა ვიცანი, არ მჯერა ჩანაწერის შინაარსის. მამაჩემის მხრიდან გაკეთებული განცხადება, თითქოსდა აფეთქებას აპირებდა, ეს იყო ემოციურ ფონზე. აქამდე ვერ დაამტკიცეს თემირლანის კავშირი ტერორისტულ დაჯგუფებასთან და ამით ცდილობენ პროვოკაცია მოგვიწყონ. ჩვენ არაეთხელ გვიხსენებია იოსებ გოგაშვილის გვარი, როგორც ოჯახში, ასევე საჯაროდაც, თუმცა  ყოველთვის ვითხოვდით მის სამართლებრივ დასჯას. სხვა მიზანი ჩვენ არ გვქონია“, – განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი ფიქრობს, რომ არ არსებობს იმდენი მტკიცებულება, რომ ეს საქმე დანაშაულად დაკვალიფიცირდეს.

კუბლაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრდიტაციას ცდილობს და მის წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლას ახორციელებს.

„ეს არის არათანაბარი და არასწორი ბრძოლა. ჩვენ მზად ვართ, რომ მივიდეთ გამოკითხვაზე და იგივე იმ გასაიდუმლოებულ ნაწილში ყველა კითხვას გავცეთ პასუხი, მაგრამ მათი მიზანი არის მალხაზ მაჩალიკაშვილის დისკრედიტაცია. ვფიქრობ მალხაზ მაჩალიკაშვილს ამისათვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, რადგან არ არსებობს მტკიცებულბების სათანადო რაოდენობა, რომ ეს ქმედება დაკვალიფიცირდეს დანაშაულად,“ – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.