Tornike Sharashenidze (IPN)

Tornike Sharashenidze (IPN)

ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება, ოპოზიციური პარტიების მიმართ უიმედობა და ზოგადად ვითარებაში გაურკვევლობა  – ასეთია NDI-ის მიერ საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის  პოლიტიკური ნაწილის შედეგი, რომელიც ოფიციალურად ოთხშაბათს გამოქვეყნდა.

იმ ფონზე, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება და ეს კარგად ჩანს ეროვნული ვალუტის კურსზეც, რომელიც  ყოველდღიურად უფასურდება და  ხელისუფლებას ფაქტობრივად არც ერთი წინასაარჩევნო დაპირება არ შეუსრულებია,  მოსახლეობის ასეთი გამწყობა  გასაკვირი  ან დაუჯერებელი არ უნდა იყოს. თუმცა, ხელისუფლებას პრობლემების აღიარება არ სურს და ამბობენ, რომ მათ ამ კვლევების შედეგების არ სჯერათ.

კვლევის შედეგების თანახმად ყველაზე წარუმატებელ მინისტრად დასახელებული ნოდარ ხადური NDI-ის კვლევას არ ენდობა. მის მუშაობას დადებითად მხოლოდ  გამოკითხულთა 6% აფასებს. ყველაზე მეტად მოსახლეობას ჯანდაცვის მინისტრი მოსწონს.

გამოკითხულთა  52%-ს არც პარლამენტის საქმინობა მოსწონს. საკანონმდებლო ორგანოს მოწონების 10 %-ით რეიტინგში ერთ–ერთი ბოლო ადგილი უკავია.

მოწონების რეიტინგში,  პოზიციები წინა კვლევებთან შედარებით, 14 ერთეულით დათმო პრემიერ–მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილი 54-ის ნაცვლად ახლა 40%–ს მოსწონს. პერსონალური მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პატრიარქს აქვს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილ  52%-ით.

შემდე ხმები ასე ნაწილდება: ირაკლი ალასანია – 51%, დავით უსუფაშვილი – 45%, დავით ბაქრაძე –  44%.

გამოკითხულთა 26 %-ს ნინო ბურჯანაძე მოსწონს, თუმცა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ლიდერია კვლევაში დასახელებულ იმ პოლიტიკოსებში, ვინც გამოკითხულებს ყველაზე მეტად არ მოსწონთ. ეს მონაცემი კი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ბურჯანაძე ყველაზე აქტიური პრორუსი პოლიტიკოსია.

უპრეცედენტოა პარტიების რეიტინგებიც.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს , რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კატეგორია “არ ვიცი” აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია “ქართული ოცნება 24%-ით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 16%.

კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა “თავისუფალ დემოკრატებს”, 4% – “პატრიორტთა ალიანსს”, 3% – კი “ლეიბორისტულ პარტიას”. რაც შეეხება დანარჩენ 3%-ს – ის მოდის კატეგორიაზე “სხვა”.

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ  გამოკითხულთა 44%  დღეისთვის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, მათ შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.

ეს მონაცემები ძალიან ახლოსაა ცოტა ხნის წინ  IRI-ის  მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთანაც, სადაც დაახლოებით იგივე სურათი შეიქმნა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. თუმცა, იმ კვლევაში, რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდა, მმართველ პარტიას გაცილებით მაღალი რეიტინგი ჰქონდა.  IRI-ის  კვლევის მონაცემებით, მმართველ პარტიას 36% უჭრდა მხარს, მეორე ადგილზე მყოფ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობას“ კი – 14%. ახლა კი ეს მაჩვენებლები  კიდევ შეცვლილია.  „ქართულ ოცნებას“ 24% უჭრს მხარს, „ნაციონალურ მოძრაობას“  კი – 16%.

ხელისუფლების ოპონენტებიც და  პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხთა სპეციალისტებიც ამბობენ, რომ ეს კვლევა ცალსახად მიუთითებს ხელისუფლების ნდობის დაკარგვაზე, რაც, მათივე შეფასებით, „არსებული მგომარეობის ადეკვატურია“.

“ქართული ოცნების” პოპულარობა ეცემა და თუ ხელისუფლება ამას ვერ ხვდება, მაშინ უფრო მძიმედ ყოფილა საქმე,“ – ამბობს „დფვოჩთან“  GIPA-ს (საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი)  პროფესორი,  საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თორნიკე შარაშენიძე.

ის ასევე აქცენტს აკეთებს იმ მაღალ მაჩვენებლზე, რომელიც  ამბობს, რომ არ იცის, ვის მისცემს ხმას და ამის მაჩვენებელი კვლევაში გამოკითხულთა 45%-მდეა. მისი თქმით, „ეს კატეგორია, დიდი ალბათობით, „ქართლი ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერები არიან და მათი ეს პოზიცია იმედგაცრუებამ გამოიწივია“.

„ამ სიტუაციაში, ალბათ, უფრო და უფრო ქვემოთ წავა “ოცნების” რეიტინგი. ჯერჯერობით, ალბათ, არ მოიმატებს არც ერთი სხვა პარტიის პოპულარობაც, მათ შორის არც “ნაციონალური მოძრაობის”, მაგრამ თუ რაღაც ისეთი ან შეიძლება ნაკლებად ძლიერი სკანდალი მოხდება, როგორიც ე.წ. ცოცხების სკანდალი იყო, არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს და გადაუწყვეტელთა მასა აღმოჩნდეს ოპოზიციის რიგებში  –  რომელი ოპოზიციის, ამას დრო გვიჩვენებს”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მისივე აზრით, შექმნილ სიტუაციაში ხელისუფლებამ NDI-ის რეიტინგებს არა თუ უნდობლობა უნდა გამოუცხადოს, არამედ ის მიიღოს, როგორც დამაფიქრებელი მესიჯი.

თუმცა, ხელისუფლებაში  ამბობენ, რომ ისინი ამ კვლევებს არ ენდობიან.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.