ამბები

Maroon 5-ის კონცერტი ბათუმში

by | Jun 8, 2016
Maroon

(CheckinGeorgia)

ბათუმში, „საოცრებათა მოედანზე“, ანბანის კონშკთან 7 ივნისს გრემის მფლობელი ამერიკული პოპ-როკ ჯგუფის, Maroon 5-ის კონცერტი, მიუხედავად ძლიერი წვიმისა, სრული ანშლაგით დასრულდა.

ჯგუფმა  ჟურნალისტებთან საუბარი არც კონცერტამდე და არც კონცერტის შემდეგ არ ისურვა, თუმცა ამავე პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული იტალიელი ეროს რამაზოტისა და ბრიტანელი რობი უილიამსისგან განსხვავებით, ჯგუფს არ გაუსაიდუმლოებია, თუ რომელ სასტუმროში რჩებოდნენ კონცერტამდე. ამან კი მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მისცა, 6 ივნისს ქართული კერძების დასაგემოვნებლად წასული ჯგუფის წევრები დაეფიქსირებინათ. ამავე დღეს, ჯგუფის წევრებმა ანსამბლ „ერისიონს“ მოუსმინეს და მათი  „მრავალჟამიერით“ აღფრთოვანებულებმა მათი ვიდეო ჯგუფის „ფეისბუქ“ გვერდზეც კი ატვირთეს.

ამის შემდეგ „ერისიონი“ საკუთარ კონცერტზე მიიწვიეს და მათთან ერთად  სიმღერაც შეასრულეს. კონცერტის დასრულების შემდეგ კი დამშვიდობებისას  საქართველოსა და ქართველ ხალხს ქართულად მადლობაც გადაუხადეს.

კონცერტი, რომელზე დასასწრებადაც 30 ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა,  21:20 წუთზე დაიწყო და, დაახლოებით, 2 საათი გაგრძელდა. ჯგუფმა ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა, მათ შორის,  Sugar, PayPhone, Moves Like Jagger, She Will Be Loved და ა.შ. კონცერტი კი სიმღერა Animals-ის სიმღერით გახსნა. Maroon 5-ის  გამოჩენამდე მსმენელის განწყობაზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში Parov Stelar-ის ბენდის ერთ-ერთი წევრი, საქსაფონისტი Max the Sax ზრუნავდა.

ამერიკული ჯგუფი მაყურებლის წინაშე გრანდიოზული შოუთი წარსდგა. ამას ხელს სცენა,   აპარატურა და განათებაც უწყობდა. შეგახსენებთ, რომ სპეციალურად ამ კონცერტისთვის  სცენის ასაწყობად ტექნიკა  საქართველოში 20 კონტეინერით ჩამოიტანეს.

აღსანიშნავია, რომ ძლიერი წვიმის გამო მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა კონცერტი დაწყებიდან ცოტა ხანში დატოვა. ისინი ორგანიზატორების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ და ამბობდნენ, რომ უნდა ეზრუნათ და  წვიმის შემთხვევაში სცენის მიმდებარე ადგილები გადაფარებული უნდა ყოფილიყო.

კონცერტზე დასასწრებად ბათუმს უამრავი ტურისტი ეწვია. როგორც DFWatch-ს კონცერტის ბილეთების საიტის TKT.GE-ს წარმომადგენელმა უთხრა, საქართველოს გარდა ბილეთები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან იყიდეს. რომელთა ათეული, ტრანზაქციების მიხედვით, ასეთია: აზერბაიჯანი, გერმანია, რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, საფრანგეთი, იტალია, ისრაელი და სომხეთი.

ტურისტების სიმრავლე ქალაქს ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. ქუჩებში საცობები, გადავსებული სხვადასხვა დაწესებულება, მათ შორის მცირე კაფე-რესტორნებიც – ასე გამოიყურებოდა ბათუმი სამშაბათს, ჯგუფ maroon 5-ის მოლოდინში.

ბათუმში ყოფნისას DFWatch-ის კორესპონდენტი ერთ-ერთი რესტორან „მამაპაპურის“ წარმომადგენელსაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ამდენი ადამიანი ქალაქში არცერთ სხვა კონცერტსა თუ ღონისძიებაზე არ ახსოვთ.

„ძალიან კარგია ასეთი კონცერტები. სასტუმროები და ბინები ფაქტობრივად სულ გადავსებულია. აქ ირგვლივ არცერთი ოჯახი არ ვიცი, რომელსაც ბინა არ აქვს გაქირავებული. რაც შეეხება ფასს, ერთი კაცი მინიმუმ 20 ლარი ღირს. ჩვენს რესტორანშიც ბევრი კლიენტია, განსაკუთრებით კი დღეს,“ – გვითხრა რესტორნის მენეჯერმა ქალბატონმა.

ამავე რესტორანში ყაზახეთიდან ჩამოსულ ტურისტებს ვესაუბრეთ, ორ გოგონას. ამბობენ, რომ საქართველოში პირველად იმყოფებიან და აქაურობა მოეწონათ. ისინი ბათუმში სასტუმროში დაბინავდნენ, სადაც ღამეში 50 დოლარს იხდიან. მათი შეფასებით, პირობები და ფასი  ნორმალურია – „არც ძალიან ძვირი და არც ძალიან იაფი“.

ბათუმის მკვიდრმა ნუკრიმ კი კონცერტის დღეს DFWatch-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ბინის შოვნა უკვე ცოტა რთულია. ფასებს რაც შეეხება, სახლებში ერთი ოთახის ქირაობა მინიმუმ 50-60 ლარიდან არის შესაძლებელი და ფასი უფრო იზრდება. მაგალითად, საბაგიროსთან ბინები სულ ცოტა 50 დოლარი ღირს.

თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ კონცერტის გამო არ მომხდარა. ზოგადად, ბინები ახლა ჯერ კიდევ იაფია, რადგან უკვე დასვენების სეზონი მოდის და შესაბამისად მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031