mikheil benidze

მიხეილ ბენიძე (RFE/RL)

2012 წლის საარჩევნო პერიოდთან შედარებით დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ცემისა და მუქარის ფაქტები შემცირებულია, თუმცა წელს აქტუალური გამოწვევა გახდა ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები, –  DFWatch-თან საუბრისას  წინასაარჩევნო გარემოზე და დარღვევებზე საუბრობს  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

ორგანიზაცია სამშაბათს წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე, 30-გვერდიან შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც 40-მდე დარღვევის კონკრეტულ ფაქტზეა საუბარი.

მიხეილ ბენიძე: წლევანდელი საარჩევნო ციკლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებია, რაზეც ჩვენ ორგანიზაციას არაერთხელ მოუწია განცხადებების გაკეთება. ეს ხდება, როგორც „ქართული ოცნების“ მხრიდან, ასევე ოპოზიციიდანაც. მაგალითად თბილისის საკრებულოს დეპუტატის, რიმა ბერაძის მიერ ჩუღურეთის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ორგანიზება; ასევე ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მიერ ახლად დაქორწინებული წყვილისთვის ოქროს ბეჭდების გადაცემა. ოპოზიციური პარტიებიდან გახმაურებული იყო „ცენტრისტების“ შემთხვევა, სადაც ბევრი სხვადასხვა დარღვევა იკვეთებოდა, მათ შორის ამომრჩევლებთან ხელშეკრულების დადებაც. ასევე იყო ლევან ვარშალომიძის მხრიდან „სოციალური სახლების პროგრამაზე“ გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებებიც, რომელიც უფასოდ საცხოვრებლების გადაცემას გულისხმობდა. ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდანაც ხდება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმება.

ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები და ხელშეკრულებების დადების დაპირებები, ეს მანკიერი ტენდენცია სამწუხაროდ შეინიშნება და ამით ამომრჩევლის ნებაზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენა ხდება.

ასევე არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები. მაგალითად, ადგილობრივ თვითმმართველობებში საჯარო მოხელეების მხრიდან კონკრეტული პარტიის აგიტაციაში მონაწილეობა, ან სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება სამუშაო საათებში და ა.შ.

ეს დარღვევები ახალი არ არის, თუმცა მოსყიდვას რაც შეეხება, ამ მიმართულებით წინა არჩევნებთან შედარებით გააქტიურება ნამდვილად შეინიშნება.

DFWatch: გასაჩივრებული გაქვთ ეს შემთხვევები და საერთოდ, რეაგირება როგორია?

მ.ბ: ჩვენ გავასაჩივრეთ „ცენტრისტების“ ხელშეკრულება, სადაც იყო დაპირება, რომ ვინც ხელშეკრულებას გააფორმებდა, მიიღებდა რუსულ 400-ლარიან პენსიას. ეს ამომრჩევლის მოსყიდვის პირდაპირი ფორმაა, ამიტომ გავასაჩივრეთ სასამართლოში, თუმცა იცით, ამას რაც მოჰყვა. ვარშალომიძის ფაქტთან სხვა ორგანიზაციამ წარადგინა საჩივარი და ჯერჯერობით ეფექტური რეაგირება ვერ ვნახეთ. ამ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური რეაგირება არ გვაქვს და ეს არის პრობლემა.

ბოლო დღეების განმავლობაში რაც ხარვეზებით ხდება, ეს საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესია. არაერთ საარჩევნო ოლქში აღმოჩნდა, რომ არსებობს ე.წ. წინასწარი სიები, რომელიც შემდეგ საეჭვოდ დაემთხვა ამავე საარჩევნო ოლქებში საოლქო კომისიების მიერ არჩეულ საუბნო კომისიის წევრებს. ამგვარი სია ჩვენ დამკვირვებლებსაც ჩაუვარდათ ხელთ. მაგალითად ქობულეთის ოლქში ე.წ. წინასწარი სიიდან 4-ის გარდა ყველა მოხვდა საუბნო კომისიებში. სამტრედიაში – 300 არჩეული წევრიდან 256 წინასწარ სიაში იყო. ეს კითხვებს აჩენს, სად მოხდა სიების შედგენა და ვის მიერ, და რატომ არ იყო პროცესი გამჭირვალე, მათ შორის დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. თუ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან გარე მესამე პირების ჩართულობა ხდება საოლქო კომისიების საქმიანობაში, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან მნიშვნელოვანია ეს წევრები პროფესიული ნიშნით  შეირჩნენ და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლები იყვნენ.

DFWatch: 2012 წლის საარჩევნო პერიოდთან შედარებით ახალი ტიპის დარღვევები არის?

მ.ბ: დარღვევები ერთი-ერთში ვერ განმეორდება, სიახლეა ე.წ. ხელშეკრულებების გამოყენება, რასაც წინა წლებში ასე ხშირად და ასე აშკარად ვერ ვხედავდით. ამომრჩევლის მოსყიდვა ადრეც ხდებოდა, თუმცა ახლა უფრო აქტუალური გამოწვევა გახდა.

ზოგადად, 2012 წლის პერიოდს თუ შევადარებთ, დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია. სამშაბათს მეორე შუალედურ ანგარიშს ვაქვეყნებთ, 2012 წლის კი ამ დროისთვის უკვე მეოთხე და საკმაოდ სქელტანიანი შუალედური ანგარიში გვქონდა არაერთი დარღვევის ფაქტით. ტენდენცია გაუმჯობესებისკენაა, თუმცა არის გარკვეული პრობლემები, რომლებზეც თვალის დახუჭვა არ შეიძლება.

DFWatch: ახლანდელი, თქვენი მეორე ანგარიში სქელტანიანია?

მ.ბ: ეს ანგარიში 30-გვერდიანია, საკმაოდ სქელტანიანია და 40-მდე ფაქტზე ვსაუბრობთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 2012 წლის არჩევნებისას ფონი ზოგადად უფრო დაძაბული იყო და წინასაარჩევნო მონიტორინგი ადრე, აპრილიდან დავიწყეთ.

DFWatch: 2012 წელს ჩვენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიდ დაპირისპირებას ვხედავდით. ამ ანგარიშში თუ არის შანატაჟისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები?

მ.ბ: ზეწოლა-მუქარის რამდენიმე ფაქტი არის და ამას გავახმოვანებთ. ასევე არის ფიზიკური ძალადობაც, თუმცა ხელისუფლება და ოპოზიცია არ ფიგურირებს. სხვა ჯგუფებს შორის არის დაპირისპირებები. ზუსტად ეს არის ის ნაწილი, რა ნაწილშიც ვხედავთ 2012 წელთან შედარებით გაუმჯობესებას.