ამბები

ISFED: „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მთავარი პრობლემა კანონშია”

by | May 24, 2016
Giorgi Benidze

მიხეილ ბენიძე, ISFED-ის აღმ.დირექტორი: “კანონის დახვეწა შეიძლება, მაგრამ პირველ რიგში პრობლემა არის ის, თუ რამდენად ეფექტურად და მყისიერად რეაგირებს პოლიცია თუნდაც არსებული კანონის პირობებში” (ფოტო: მზია საგანელიძე, “რადიო თავისუფლება”)

ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევებისას მყისიერი რეაგირება არსებული კანონითაც შესაძლებელია და ხელისუფლებამ ჯერ არსებული რეგულაციების პირობებში უნდა გვაჩვენოს ეფექტური და მკაცრი რეაგირება, სხვა შემთხვევაში კანონის გამკაცრებაზე საუბარი ტრაფარეტულია. 

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ მთავარი პრობლემა კანონშია. კანონის დახვეწა შეიძლება, მაგრამ პირველ რიგში პრობლემა არის ის, თუ რამდენად ეფექტურად და მყისიერად რეაგირებს  პოლიცია თუნდაც არსებული კანონის პირობებში და რამდენად  არის იმის მცდელობა, რომ მსგავს შემთხვევებში მყისიერად, ეფექტურად და, რაც მთავარია, ეჭვების გარეშე გამოიძიონ საქმე. მაგალითად, არსებობს ვიდეოკადრები, სადაც კონკრეტული პირები ძალადობენ, თან პოლიციის თვალწინ, და ამაზე ეფექტური რეაგირება ვერ ვნახეთ. ეს ადამიანები ჯერ კიდევ არ დასჯილან,“- ამბობს DFWatch-თან საუბრისას მიხეილ ბენიძე.

მისი თქმით, ამ კონკრეტულად კორცხელის შემთხვევაში საქმე ისეთი მუხლითაა აღძრული, რომელიც მკაცრ სანქციებსა და სასჯელს არ ითვალისწინებს.

„ჩვენ ხშირად ვამბობთ, არსებული რეგულაციების მიხედვით გვაჩვენოს ხელისუფლებამ, რომ აქვს ნება ეფექტურად გამოიძიოს ეს საქმეები და შემდეგ, სამომავლი პერსპექტივისთვის შეგვიძლია ვიმსჯელოთ გარკვეული ზომების გამკაცრებაზე. ცოტა  ტრაფარეტული შეიძლება იყოს კანონის გამკაცრებაზე საუბარი, თუ ამ ეტაპზე მაინც, შესაძლებლობის ფარგლებში,  მკაცრი რეაგირება არ ექნება  ამ საქმეებს,“- დასძენს ბენიძე.

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობაზე და ასევე ძალადობის მუქარაზე სანქციები მკაცრდება. აღნიშნული კანონპროექტი, პრემიერის დავალებით, სასწრაფოდ იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და სამშაბათს მთავრობის სხდომაზეც წარადგინა.  პროექტის მიხედვით, პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე, ჯგუფური დანაშაულის დროს გათვალისწინებული იქნება 4-წლამდე პატიმრობა. ხოლო თუ პირს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, სანქცია იქნება ჯარიმა ან/და 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების პროექტს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031