giorgi_margvelashvili

წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყება (ipn)

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება, წინასაარჩევნო კამპანია კი ოთხი თვით ადრე, 8 ივნისს დაიწყება.

მარგველაშვილმა ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრას, რომელზეც  საარჩევნო პროცედურებზე ისაუბრეს, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიაც ესწრებოდა.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, შეთანხმებული ვართ არჩევნების თარიღის თაობაზე და ეს არის უცვლელი – 8 ოქტომბერი. რაც შეეხება კამპანიის დაწყების თარიღს, მივედით კონსენსუსამდე, შევაჯერეთ პოზიციები და შევთანხმდით, რომ კონტრასიგნაცია 8 ივნისს მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო კამპანია 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, – განაცხადა  მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 5 აპრილს, პრემიერ კვირიკაშვილთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მომავალი საპარლამენტო არჩევნების თარიღად 8 ოქტომბერი გამოაცხადა.

ამავე განკარგულებაში წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) დაწყების თარიღად 8 აგვისტო იყო დასახელებული.

არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ძალები საარჩევნო აგიტაციის დაწყების თარიღს აპროტესტებდნენ და ამბობდნენ, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანია არჩევნების დანიშვნის თაობაზე სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისთანავე იწყება.

შედეგად, 14 აპრილს  პრემიერმა კვირიკაშვილმა არჩევნების შესახებ პრეზიდენტის განკარგულება მოტივირებული შენიშვნებით მარგველაშვილის ადმინისტრაციას დაუბრუნა და მოუწოდა, რომ ახალი განკარგულება 8 ივლისს გამოსცეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდის ვადად 3 თვე განისაზღვროს.

საპასუხოდ, მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ახალ განკარგულებას მხოლოდ ერთი წინადადებით  –  „არჩევნები დაინიშნოს 8 ოქტომბერს“, მაისის დასაწყისში,  არჩევნებამდე 5 თვით ადრე გამოსცემდა და შესაბამისად,  საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყებოდა.