ამბები

7 დღეში 3 ავარია, 7 დაღუპული

by | Aug 23, 2016
accident

ავარია მთავარ ავტობანზე გორთან, რომელსაც 3 ადამიანის, მათ შორის 12 წლის ბიჭის, სიცოცხლე ემსხვერპლა (qartli.ge)

ერთი კვირის განმავლობაში მომხდარი სამი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც 7 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა.

შემთხვევები 15, 16 და 21 აგვისტოს მოხდა. სამივე ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

უკანასკნელ შემთხვევაში, რომელიც 21 აგვისტოს გორის ავტობანზე, სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ცხინვალის ხიდებთან მოხდა, გზის პირას გაჩერებულ “მერსედესის” მარკის მსუბუქ ავტომანქანას ტრაილერი შეეჯახა. ავარიის შედეგად ორივე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად მსუბუქ მანქანაში მყოფი 3 ადამიანიდან (2 ქალი და ერთი ბავშვი ) სამივე გარდაიცვალა – ორი ადამიანი, მათ შორის 12 წლის ბიჭი ადგილზე დაიწვა, ხოლო ერთი ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

16 აგვისტოს 3 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შეჯახებას  ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე. სამივე მსუბუქ მანქანაში იჯდა. ავარია იმ გზაზე მოხდა, სადაც რამდენიმე კვირის წინ  რაგბის ნაკრების წევრებიც ავტოავარიაში მოხვდნენ, რის შედეგადაც 4 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ორის,  საქართველოს ჩემპიონის, “ლელოს” მორაგბის გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის, მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა.

ცნობისთვის, “ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე  DFWatch-თან საუბრისას ამბობდა, რომ საქართველოს გზებზე ეს ადგილი ერთ-ერთ შავ წერტილად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, ცალმხრივი მოძრაობა უცებ ორმხრივში გადადის, რაც ავარიის რისკს ზრდის.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გასულ, 2015 წელს საქართველოში 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. დაიღუპა 602 და დაშავდა 9 187 ადამიანი. აღნიშნული ინფორმაცია შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ამავე სტატისტიკით,  დარეგისტრირებული ავარიების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება:

  • 2011 წელს – 4486 ავარია მოხდა;
  • 2012 წელს- 5359;
  • 2013 – 5510;
  • 2014 წელს – 5992.

ჯამში კი, ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ავტოავარიებს 2 758 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ წელს ყველაზე მეტი, 2 995 ავარია თბილისში მოხდა.

საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატის, შალვა ოგბაიძის თქმით, ამ მონაცემებით მსოფლიო ქვეყნების ათეულშიც მოვხვდით.

“საქართველოში 100 ათას ადამიანზე 16-17 შემთხვევაა და ეს იმ დროს, როცა ევროპაში ამავე რაოდენობაზე 3-5 შემთხვევა ფიქსირდება,“- ამბობს ოგბაიძე.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

December 2016
M T W T F S S
« Nov    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031