ამბები

ჰააგა რუსეთ-საქართველოს ომისდროინდელი დანაშაულების გამოძიებას იწყებს

by | Jan 29, 2016
fatou_bensouda

Fatou Bensouda (Ipn)

7 წლის შემდეგ ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამბების გამოძიება დაიწყო. საუბარია 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე “სამხრეთ ოსეთში და მის სიახლოვეს” ჩადენილ ორ მძიმე –  კაციობრიობის წინაშე და სამხედრო – დანაშაულებზე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (რომლის შტაბ-ბინა ჰააგაში მდებარეობს) მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა ქართულ და რუსულ მხარეებს დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად ერთთვიან ვადას აძლევს. საქართველო, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, აქტიურად მუშაობს ორ სტრატეგიულ მიმართულებაზე  –  სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველების ეთნიკური წმენდისა და ქართველი სამხედრო ტყვეების დახოცვის დამტკიცებაზე.

“არა მარტო ფაქტების, არამედ სამართლებრივი შეფასებების დონეზე უნდა დავამტკიცოთ”, – ამბობს წულუკიანი და დასძენს, რომ მტკიცებულებები “საჭიროზე მეტია”.

იუსტიციის მინისტრი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სასამართლოს  ფორმულირებები არის სამართლებრივად სწორი და  შესაბამისობაშია საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფო ინტერესებთან.

ამავე დროს, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს უჭირს იმაზე საუბარი, რამდენად, და საერთოდ მოხდება თუ არა, დამნაშავეების დასჯა, რადგან თბილისში მოლოდინია, რომ მოსკოვი საკუთარ დამნაშავეებს არ დასჯის.

პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელმაც სასამართლოს გამოძიების დაწყებაზე ნებართვის შუამდგომლობით ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში მიმართა, ამბობს, რომ გამოძიება დანაშაულში ეჭვმიტანილი პირების დაპატიმრებას ან სასამართლოში  მათ დაბარებას მოითხოვს.

მისი თქმით, “გამომძიებლები ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან შეაგროვებენ. გამოძიება იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”.

საერთაშორისო სს სასამართლოს მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ “არსებობს სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ საქართველოს სიტუაციაში ჩადენილი იქნა საერთაშორისო სს სასამართლოს იურისდიქციაში არსებული დანაშაული. ეს მოიცავს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორიცაა მკვლელობა, მოსახლეობის იძულებითი გადასახლება და დევნა, და სამხედრო დანაშაულს – თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაზე, გამიზნულ მკვლელობას, გამიზნულ თავდასხმას სამშვიდობო ძალებზე, ქონების განადგურებასა და მაროდიორობას.”

უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება გამოძიებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, ეს ერთწლიანი პროცედურა არ იქნება.

გამოძიების თემას გამოხმაურება ცხინვალშიც მოჰყვა. რუსული მედიის ცნობით, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ტასოევი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლო გამოძიებისას გვერდს ვერ აუვლის ქართველი სამხედროების მიერ ”სამხრეთ ოსეთში ჩადენილი დანაშაულის შესახებ ათასობით ჩვენებას”. მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები შეგროვებულია და როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაეცა.

თბილისი ქართველი ჯარისკაცების მიერ დანაშაულის ჩადენას გამორიცხავს, თუმცა როგორც მმართველი კოალიციის  წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, “ძალიან მინიმალური რისკები არსებობს”, რომ  “ვინმე მაღალჩინოსნის” ბრალეულობა დამტკიცდეს, და თუ ასე მოხდა, “საქართველო ვადებულებას შეასრულებს”.

„რუსეთი დასჯის თუ არ დასჯის საკუთარ დამნაშავეს, ამის თქმა რთულია. ჰააგის სასამართლოს აქვს გარკვეული ბერკეტები, მოითხოვოს როგორც ბრალდებულის სასამართლოში წარდგენა, ასევე მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადებაც. თუმცა პოლიტიკურად მთავარი მაინც ისაა, დადგინდეს, რომ ადგილი ჰქონდა ეთნოწმენდას და ისიც, ვინ იყვნენ ამ ეთნოწმენდის ბრძანების გამცემი პირები“,  – დასძენს ირაკლი სესიაშვილი.



ads
ads
ads

No Comments, Leave a comment

You must be logged in to post a comment.

ძიება თარიღის მიხედვით

September 2016
M T W T F S S
« Aug    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930